ლოგო

საქართველოს საპატრიარქო

ქუთაის-გაენათის ეპარქია

ქუთაის-გაენათის ეპარქია

  ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრის დაწინაურება, განსაკუთრებით VIII საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, ლეონ II აფხაზთა მთავრის მიერ ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს შექმნით დაიწყო. ახალშექმნილი სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისი გახდა, რომლის ძალაუფლება მთელ დასავლეთ საქართველოზე, მათ შორის ზღვისპირეთზეც ვრცელდებოდა. VI-VII საუკუნიდან დაწყებული დასავლეთ საქართველოს - ეგრის-აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბება X საუკუნის დამდეგს დასრულდა და იგი მცხეთის საკათალიკოსოს გავლენას დაექვემდებარა. გაერთიანებული ქვეყნის დაწინაურებულ კათედრად ქუთაისის საეპისკოპოსო ითვლებოდა, რომელიც გურიისა და აჭარის მნიშვნელოვან ნაწილსაც აერთიანებდა.   X საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, 978 წელს ქუთაისში გაერთიანებულ საქართველოს მომავალი მეფის ბაგრატ III-ის კურთხევის შემდეგ იგი ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქი, ხოლო „ქუთათელი - საქართველოს მეფეთა მაკურთხებელიცა და მესაფლავეც გახდა“. საქართველოს იმჟამინდელი დედაქალაქისთვის ახალი სამღვდელმთავრო კათედრალი 1003 წელს ააშენა მეფე ბაგრატმა. ქუთაისი 1122 წლამდე, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამდე, საქართველოს დედაქალაქად ითვლებოდა და ამის შემდეგაც რუსუდანის, დავით ნარინისა და სხვათა მეფობისას იგი საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.   დაწინაურებული საქუთათელო სამწყსოს მთლიანობამ XV საუკუნემდე გასტანა. XV საუკუნიდან კი, გურიის დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბების შემდეგ, გურიელმა ერისთავმა ქუთათელს ეპარქიულად განაშორა ძველი სამწყსო და აქ მისგან დამოუკიდებელი სამი სამღვდელმთავრო კათედრა - შემოქმედის, ჯუმათი, ხინოწმინდა - შექმნა. XVI საუკუნის 30-იან წლებში კი იმერთა მეფემ ბაგრატ III - (1510-1565 წწ.) უშუალოდ იმერეთის (ვაკე, ოკრიბა,ზემო იმერეთი) ტერიტორიაზე, ქუთათელის სამწყსოში ორი ახალი ეპარქია - ხონი და გაენათი (გელათი) ჩამოაყალიბა.
  XVII-XVIII სს. იმერეთის საერთო დაკნინების პერიოდი, ქუთათელის სამღვდელმთავროს დამცრობის ხანად ითვლება. კათედრა 1691 წელს, ბაგრატის კათედრალის ოსმალთა მიერ აფეთქების შემდეგ, დროებით გაუქმდა კიდეც. ქუთაისის გაპარტახებული ეპარქიის აღდგენა XVIII საუკუნის შუა წლებიდან იწყება. 1740 წელს სრულიად ახალგაზრდა - 20 წლის მიტროპოლიტი ანტონ ბაგრატიონი, მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, ქუთაისის ეპარქიის მწყემსმთავრად დაადგინეს. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძალისხმევას უკავშირდება დამცრობილ-დაკნინებული ქუთაისისა და გელათის სამღვდელმთავროთა ტერიტორიის და ძველი მამულების მოძიება და განახლება.1540-იან წლებში აფხაზეთის საკათოლიკოსო კათედრისა და რეზიდენციის გელათში გადმოტანის შემდეგ, კათოლიკოსად ხშირად ქუთათელს ან გაენათელს ნიშნავდნენ. კათოლიკოსი ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტერიტორიაზე არსებულ სამღვდელმთავრო კათედრების ეპისკოპოსადაც იწოდებოდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, 1820 წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ მიტროპოლიტები დოსითეოს წერეთელი და ექვთიმე შერვაშიძე. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო.
    1819-1920 წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გენათელი, აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. იმერეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1821 წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ მთავარეპისკოპოს სოფრომ წულუკიძეს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება დაუტოვა.
    1917 წლიდან ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიებიც აღდგა. კრებაზე ქუთათელ მღვდელმთავრად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე. მალე ქუთაისისა და გაენათის კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა.





მმართველი მღვდელმთავრები XIX საუკუნემდე:

ანტონ I - XI საუკუნის დასაწყისი;

სამოელი - XI საუკუნის I ნახევრის შუა წლები;

თეოდორე - XI საუკუნის შუა ხანა;

ილარიონი - XI საუკუნის II ნახევარი;

ნიკოლოზი - XII საუკუნის I ნახევარი;

არსენი - XII საუკუნის შუა ხანა;

აბულასანი - XII საუკუნის 70-იანი წლები;

პავლე - XII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი.;

ანტონ II (საღირისძე) - დაახლოებით 1184 წლიდან 1191 წლამდე ან XII საუკუნის მიწურულამდე;

ქრისტეფორე - სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეთა მიჯნა;

იოვანე - XIII-XIV საუკუნეთა მიჯნა;

მიქაელი - XIV საუკუნის I ნახევარი;

ოქროპირი - XIV საუკუნის შუა ხანა;

მახარობელი - XIV საუკუნის II ნახევარი;

მანუელი - XV საუკუნის II ნახევრიდან 1488 წლამდე;

ბართლომე - 1488 წლიდან დაახლოებით 1500 წლამდე. 1500-1519 წლებში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი;

გერასიმე (ჩხეტიძე) - დაახლოებით 1501 წლიდან 1529 წლის 10 იანვრამდე;

სვიმონ I (ჩხეტიძე) - 1529 წლიდან XVI საუკუნის 60-იანი წლების ჩათვლით;

ბასილი (ჩხეტიძე) - XVI-XVII საუკუნის მიჯნიდან XVII საუკუნის 20-იან წლებამდე;

თეოფილე (გურიელი) - სავარაუდოდ XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან ამავე საუკუნის შუა ხანამდე;

სვიმონ II (ჩხეიძე) - XVII საუკუნის შუა ხანიდან (1651 წ.) დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი 1660-1666 წლებში;

სვიმონ III (ჩხეიძე) - 1666 წლიდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე;

ევდემონი - XVIII საუკუნის დასაწყისიდან ამავე საუკუნის 30-იან წლებამდე;

ტიმოთე (გაბაშვილი) - XVIII საუკუნის 30-იან წლებიდან 1747 წლის ბოლომდე;

ანტონ III (ბაგრატიონი, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I) - 1740-1743წლები ;

მაქსიმე II - 1750-1781. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი 1776-1795 წლებში;

დოსითეოსი (წერეთელი) - 1781-1820 წლის 8 მარტი. დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელი 1795-1814 წლები;

იმერეთის ეპისკოპოსები 1917 წლამდე:

დავით წერეთელი (1845-1853 წწ.);
ექვთიმე წულუკიძე (1853-1856 წწ.);
გერმანე გოგოლაშვილი (1856-1860 წწ.);
წმ. გაბრიელ ქიქოძე (1860-1896 წწ.);
ბესარიონ დადიანი (1896-1900 წწ.);
ლეონიდე ოქროპირიძე (1900-1908 წწ.);
გიორგი ალადაშვილი (1908-1917 წწ.)

1917 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიას მართავდნენ:

მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე (1917-1918 წწ.);
წმ.მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა (1918-1924 წწ.);
მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე (1924-1930 წწ.);
მიტროპოლიტი სვიმეონ ჭელიძე (1930-1935 წწ.);
მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე (1937-1943 წწ.);
მიტროპოლიტი ეფრემ სიდამონიძე (1944-1953 წწ.);
მიტროპოლიტი გაბრიელ ჩაჩანიძე (1953-1955 წწ.);
მიტროპოლიტი ნაომი შავიანიძე (1957-1969 წწ.);
მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი (1971-1974 წწ.);
მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი (1978-1981 წწ.);
მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე (1981-1983წწ.);
მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) (1983-2019 წწ.);
მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) (2019 წლიდან).

დღის კალენდარი და საკითხავები