საქართველოს                   საპატრიარქო
ქუთაის-გაენათის ეპარქია

წმ.მამათა გამონათქვამები


გეწვია კეთილდღეობა – მადლობდე უფალს და კეთილდღეობა განგიმტკიცდება; გეწვია უბედურება – მადლობდე უფალს და უბედურება შეგიწყდება.
იოანე ოქროპირი

სიყვარული მოწამეობის გარეშეც ჰყოფს ადამიანს ქრისტეს მოწაფედ, მოწამეობას კი არ შეეძლო ეს სიყვარულის გარეშე გაეკეთებინა.
იოანე ოქროპირი

სიყვარული არის თვალი, ფესვი, წყარო და მშობელი ყველა სიკეთისა.
იოანე ოქროპირი

ვერაფრით ისე ვერ შეძლებ ქრისტეს მიბაძო, როგორც მოყვასზე ზრუნვით.
მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული



ქუთაის-გაენათის ეპარქია



  ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრის დაწინაურება, განსაკუთრებით VIII საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, ლეონ II აფხაზთა მთავრის მიერ ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს შექმნით დაიწყო. ახალშექმნილი სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისი გახდა, რომლის ძალაუფლება მთელ დასავლეთ საქართველოზე, მათ შორის ზღვისპირეთზეც ვრცელდებოდა. VI-VII საუკუნიდან დაწყებული დასავლეთ საქართველოს - ეგრის-აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბება X საუკუნის დამდეგს დასრულდა და იგი მცხეთის საკათალიკოსოს გავლენას დაექვემდებარა. გაერთიანებული ქვეყნის დაწინაურებულ კათედრად ქუთაისის საეპისკოპოსო ითვლებოდა, რომელიც გურიისა და აჭარის მნიშვნელოვან ნაწილსაც აერთიანებდა.   X საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, 978 წელს ქუთაისში გაერთიანებულ საქართველოს მომავალი მეფის ბაგრატ III-ის კურთხევის შემდეგ იგი ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქი, ხოლო „ქუთათელი - საქართველოს მეფეთა მაკურთხებელიცა და მესაფლავეც გახდა“. საქართველოს იმჟამინდელი დედაქალაქისთვის ახალი სამღვდელმთავრო კათედრალი 1003 წელს ააშენა მეფე ბაგრატმა. ქუთაისი 1122 წლამდე, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამდე, საქართველოს დედაქალაქად ითვლებოდა და ამის შემდეგაც რუსუდანის, დავით ნარინისა და სხვათა მეფობისას იგი საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.   დაწინაურებული საქუთათელო სამწყსოს მთლიანობამ XV საუკუნემდე გასტანა. XV საუკუნიდან კი, გურიის დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბების შემდეგ, გურიელმა ერისთავმა ქუთათელს ეპარქიულად განაშორა ძველი სამწყსო და აქ მისგან დამოუკიდებელი სამი სამღვდელმთავრო კათედრა - შემოქმედის, ჯუმათი, ხინოწმინდა - შექმნა. XVI საუკუნის 30-იან წლებში კი იმერთა მეფემ ბაგრატ III - (1510-1565 წწ.) უშუალოდ იმერეთის (ვაკე, ოკრიბა,ზემო იმერეთი) ტერიტორიაზე, ქუთათელის სამწყსოში ორი ახალი ეპარქია - ხონი და გაენათი (გელათი) ჩამოაყალიბა.
  XVII-XVIII სს. იმერეთის საერთო დაკნინების პერიოდი, ქუთათელის სამღვდელმთავროს დამცრობის ხანად ითვლება. კათედრა 1691 წელს, ბაგრატის კათედრალის ოსმალთა მიერ აფეთქების შემდეგ, დროებით გაუქმდა კიდეც. ქუთაისის გაპარტახებული ეპარქიის აღდგენა XVIII საუკუნის შუა წლებიდან იწყება. 1740 წელს სრულიად ახალგაზრდა - 20 წლის მიტროპოლიტი ანტონ ბაგრატიონი, მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, ქუთაისის ეპარქიის მწყემსმთავრად დაადგინეს. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძალისხმევას უკავშირდება დამცრობილ-დაკნინებული ქუთაისისა და გელათის სამღვდელმთავროთა ტერიტორიის და ძველი მამულების მოძიება და განახლება.1540-იან წლებში აფხაზეთის საკათოლიკოსო კათედრისა და რეზიდენციის გელათში გადმოტანის შემდეგ, კათოლიკოსად ხშირად ქუთათელს ან გაენათელს ნიშნავდნენ.
  კათოლიკოსი ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტერიტორიაზე არსებულ სამღვდელმთავრო კათედრების ეპისკოპოსადაც იწოდებოდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, 1820 წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ მიტროპოლიტები დოსითეოს წერეთელი და ექვთიმე შერვაშიძე. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო.
    1819-1920 წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გენათელი, აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. იმერეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1821 წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ მთავარეპისკოპოს სოფრონ წულუკიძეს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება დაუტოვა.


იმერეთის ეპისკოპოსები 1917 წლამდე:



დავით წერეთელი (1845-1853 წწ.);
ექვთიმე წულუკიძე (1853-1856 წწ.);
გერმანე გოგოლაშვილი (1856-1860 წწ.);
წმ. გაბრიელ ქიქოძე (1860-1896 წწ.);
ბესარიონ დადიანი (1896-1900 წწ.);
ლეონიდე ოქროპირიძე (1900-1908 წწ.);
გიორგი ალადაშვილი (1908-1917 წწ.).


1917 წლიდან ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიებიც აღდგა. კრებაზე ქუთათელ მღვდელმთავრად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე. მალე ქუთაისისა და გაენათის კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა.

1917 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიას მწყსიდნენ:



მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე (1917-1918 წწ.);
წმ.მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა (1918-1924 წწ.);
მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე (1924-1930 წწ.);
მიტროპოლიტი სვიმეონ ჭელიძე (1930-1935 წწ.);
მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე (1937-1943 წწ.);
მიტროპოლიტი ეფრემ სიდამონიძე (1944-1953 წწ.);
მიტროპოლიტი გაბრიელ ჩაჩანიძე (1953-1955 წწ.);
მიტროპოლიტი ნაომი შავიანიძე (1957-1969 წწ.);
მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი (1971-1974 წწ.);
მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი (1978-1981 წწ.);
მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე (1981-1983 წწ.);
მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) (1983-2019 წწ.);
მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) (2019 წლიდან).



ქართველნო ერთად ღვთისაკენ!

copyright@Ortox.2022