საქართველოს                   საპატრიარქო
ქუთაის-გაენათის ეპარქია

წმ.მამათა გამონათქვამები


უფალმა ცხოვნების უმთავრეს მიზნად სცნო გამოეცხადებინა აღდგომა თავისი სხეულისა, რათა ამით ეჩვენებინა ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა და დაერწმუნებინა ყოველნი, რომ დახსნილ არს ხრწნილება და მომადლებულ არს უხრწნელობა.
ათანასე დიდი

სიყვარული სათნოებაა, რომელიც ადამიანის გულმოდგინებაზეც არის დამოკიდებული.
იოანე ოქროპირი

ქრისტიანს ბოროტება არ უნდა ახსოვდეს, მან წრფელი გულით უნდა მიუტეოს ყველას, ვინც მის წინაშე შესცოდა.
ბასილი დიდი

გონება არ არის სამშვინველი, იგი ღვთის ნიჭია, რომელმაც სული უნდა იხსნას.
ანტონი დიდი



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II




  ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი; დაიბადა 4 იანვარი, 1933, ორჯონიკიძე, ჩრდილოეთი ოსეთი, რსფსრ). ილია II-ის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი — სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი — სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძესაგან სამი წლის ირაკლიმ ლოცვა-კურთხევა მიიღო.
  1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს.[6] 1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი იყო ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად;
  1989 წლის აპრილში თბილისში ადგილი ჰქონდა საპროტესტო მოვლენებს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეებთან მივიდა და მათ სიტყვით მიმართა ილია II-მ. 9 აპრილს ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენებელი პირველი პანაშვიდი გადაიხადა.
  1977 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიზნად დაისახა ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება. იგი 1979 წლის მაისში მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის მიწვევით სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც მან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ საკითხი დასვა. შესაბამისი მოლაპარაკებები 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებათა ძირითად ნაწილში მონაწილეობდნენ მიტროპოლიტები: ქრიზოსთომოსი და დამასკინოსი. 1990 წლის 7 იანვარს, სიონის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ქრიზოსთომოსმა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის და პატრიარქის ტიტულის აღიარება გამოაცხადა. 1990 წლის 4 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ხელმოწერილი სიგელიც მიიღო.
  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა. კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და აღიარებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობას.უფრო მოგვიანებით, 2002 წლის 14 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელი მოეწერა კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. კონკორდატმა განსაზღვრა: 1). აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვა; 2). სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით; 3). სასულიერო პირი თავისუფალია სამხედრო ვალდებულებისაგან; 4). საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნებაყოფლობითია მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ სწავლება;5). ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას;6). ეკლესიის მიერ წარმოებულია საღვთისმსახურო პროდუქცია გათავისუფლებულია სახელმწიფო გადასახადისგან; 7). სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად სცნობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მოქმედ და უმოქმედო მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს და მიმდებარე ტერიტორიას.
  1988 წლის 24 აგვისტოს ილია II-მ მიმართა თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ანდრიაძეს თხოვნით, გამოეყო წმინდა სამების ტაძრის მშენებლობისათვის სათანადო ადგილი. იმ დროს ხელისუფლებაში მყოფნი, ყველა არ უჭერდა მხარს ამ წამოწყებას. ცდილობდნენ ისეთი ადგილი გამოეყოთ, რომ არ ყოფილიყო ძალიან შესამჩნევი ქალაქის პანორამებში. დასახელდა რამდენიმე ადგილი. ერთ-ერთი წყნეთის გზაზე, ტყეში მდებარეობდა, საიდანაც თბილისის ხედები თითქმის არ ჩანდა. შემდეგ, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის განკარგულებით შეირჩა ადგილი ბარათაშვილის აღმართის ქიმზე და რამდენიმე პროექტი არსებობს ამ რელიეფს მორგებული. შემდეგ იყო ვაკის სტუდქალაქის ტერიტორია და ბოლოს ელიას მთა. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა
   2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური სროლები დაიწყო. 7 აგვისტოს ილია II-მ დაპირისპირებულ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა, მაგრამ უშედეგოდ. 8 აგვისტოს ქართულმა ჯარმა რამდენიმე სოფელი დაიკავა, პარალელურად, რუსულმა ავიაციამ საქართველოს სხვა რეგიონების, მათ შორის, გორის და ფოთის საჰაერო დაბომბვებიც დაიწყო. იყო უამრავი მსხვერპლი. 9 აგვისტოს ილია II-მ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაშავებულები ინახულა. მან მსოფლიო თანამეგობრობას საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიანად გადაწყვეტის საქმეში დახმარება სთხოვა და აღნიშნა, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შედეგია და იგი სეპარატიზმის საფუძველი არ უნდა იყოს. 13 აგვისტოს რუსული და ოსური სამხედრო ნაწილები ზემო ნიქოზში შევიდნენ და რამდენიმე ადგილობრივი მოკლეს. 14 აგვისტოს პატრიარქმა რუსეთის ეკლესიას გორსა და ნოქოზში შესასვლელად სამშვოდობო კორიდორის გაკეთება სთხოვა. 15 აგვისტოს ილია II სასულიერო პირებთან ერთად გორში იმყოფებოდა, შემდეგ ზემო ნიქოზს ეწვია. იგი ამხნევებდა მოსახლეობას და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მან კონფლიქტის ზონიდან ოთხი დაჭრილი გამოიყვანა და ექვსი გარდაცვლილის გადმოსვენება მოახერხა.
  2010 წლიდან ტიტულატურაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა.[38] 21 დეკემბრის წმიდა სინოდის განჩინებით ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გადაეცა და მისი ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი“.
  ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები; 1988 წელს ილია II-ის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები. ხულოში შეიქმნა სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია; საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია; ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა; მონასტრებისა — 53-მდე; სასულიერო პირთა — 1000-მდე; მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა; აშენდა წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი, ხოლო 1997 წლიდან არის გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი და კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი. არის ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების საპატიო და აშშ-ის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი. მონაწილეობდა მშვიდობის დაცვის რამდენიმე ფორუმში.
  ილია II-ის შესახებ აუცილებელია აღინიშნოს მისი შემოქმედება მუსიკაში, საეკლესიო გალობასა და ხატწერაში. დღეისათვის იგი მრავალი მუსიკალური ნაწარმოებისა და გალობის ავტორია. 2015 წლის 2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო გალაკონცერტი, რომელზეც მთლიანად კათოლიკოს-პატრიარქის ნაწარმოებები შესრულდა. ილია II 20-მდე ხატის ავტორია. ისინი თემატურად და ტექნიკურად საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორისაა: „ყოვლად წმინდა სამება“, „ჩვენთან არს ღმერთი“, „ძველთა დღეთა“, „ივერიის ღმრთისმშობელი“, „პლატიტერა“, „მთავარანგელოზი მიქაელი“, „მთავარანგელოზი გაბრიელი“, „წმინდა დავით წინასწარმეტყველი“, „ღვთივდაცული საქართველო“, „წმინდა მეფენი სოლომონი“, „ვახტანგი და თამარი“.
  ილია II მრავალი ჯილდოს მფლობელია. 1972 წელს დაჯილდოვდა მოციქულთასწორი წმიდა ნინოს ორდენით; 1977 წელს — წმიდა მოწამე გიორგის გამარჯვების ორდენით; 1977 წელს — წმიდა იოანეს I ხარისხის ორდენით;1997 წელს — დავით აღმაშენებლის ორდენით;2000 წელს — „წმიდა აკლდამის რაინდთა წმიდა ჯვრის“ ორდენით (იერუსალიმი, ისრაელი). 2001 წლის 22 იანვარს — საქართველოს ეკლესიის ჯილდოთი, წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით; 2002 წელს — თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭა; 2007 წელს გადაეცა ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — „უფლის კვართის ორდენი“; 2010 წელს — „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი“; 2010 წლის 29 დეკემბერს — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ოქროს მედალი; 2013 წლის იანვარს — კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით რელიგიებსა და ერებს შორის შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა შეიხ ისლამის ორდენით; 2013 წლის 23 იანვარს — „მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრემიით: „განსაკუთრებული დამსახურებისთვის მართლმადიდებელ ხალხთა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში“; 2013 წლის 19 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება; 2013 წლის 21 ნოემბერს — სამართლიანობის უმაღლესი ორდენი.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აგრეთვე დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის საპატრიარქოების; პოლონეთის ჩეხოსლოვაკიისა და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი.
  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს არჩეულ იქნა კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად. ამავე წელს აირჩიეს გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 2016 წელს რუსეთის განათლების სამინისტროსთან არსებულმა სარატოვის ოლქის საზოგადოებრივმა საბჭომ, ამავე ოლქის პედაგოგიური საზოგადოების სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დააჯილდოვა მედლით „საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის“ მრავალი წლის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო.


ქართველნო ერთად ღვთისაკენ!

copyright@Ortox.2022