საქართველოს                   საპატრიარქო
ქუთაის-გაენათის ეპარქია

წმ.მამათა გამონათქვამები


ხშირად განიკითხვიან ნაყროვანნი და მემთვრალენი მმარხველისაგან, მაგრამ შეიძლება მმარხველი იგი შურითა და სიძულვილითა უფრო მთვრალი იყოს, ხოლო ძმა იგი თავისუფალ სენისა ამისგან.
წმინდა ალექსი ბერი (შუშანია)

მატერიალური ძვირფასეულობის დაკარგვის უდრტვინველად გადატანა, მოწყალების ნებაყოფლობითი გაცემის ტოლფასია.
ღირსი არეთა პეჩორელი

ყველა ცოდვას შეუძლია სულიწმიდას მოგვაშოროს, მაგრამ მას განსაკუთრებით სძაგს ხორციელი უწმინდურობა და სულიერი ამპარტავნობა.
პატერიკი

გიყვარს ადამიანი, ე.ი. პატივს მიაგებ შემოქმედს; ემსახურები ღატაკებს, ე.ი. პატივს მიაგებ ჩვენთვის გაღატაკებულს (უფალს).
გრიგოლ ღმრთისმეტყველი



ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)



   მიტროპოლიტი იოანე დაიბადა 1946 წლის 28 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, ცნობილი მეცნიერ-ისტორიკოსის ოჯახში.

დედა – ეკატერინე ვილჰელმის ასული კერბსი – თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის გერმანული ენის პედაგოგი.
მამა - ვახტანგ ნიკოლოზის ძე გამრეკელი - ისტორიის პროფესორი.

1964 წელს გურამ გამრეკელი აბარებს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, 1966 წლიდან სწავლას განაგრძობს ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1970 წელს ასრულებს ძებნა-ძიების სპეციალიზაციით. მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში უფროსი გეოლოგის თანამდებობაზე.

    1983 წლიდან იგი სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანია.
    1985-1988 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.
    1987 წელს აკურთხეს დიაკვნად.
    1988 წლიდან მსახურობდა ანჩისხატის ეკლესიაში.
    1989 წლის იანვრიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში.

  1989 წლის 8 თებერვალს დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერად და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. მამა გიორგიმ უწმიდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად მთავრობის სასახლესთან გაატარა 1989 წლის 9 აპრილს დილა, როდესაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა მოაწყვეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეთა დარბევა.
  1993 წლის 19 ივლისიდან პროტოპრესვიტერი გიორგი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით განთავისუფლდა აკადემიის რექტორობიდან და დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარედ. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში დაფუძნდა არაერთი მართლმადიდებელი სასწავლებელი, გიმნაზია, სასულიერო სკოლა, გარდა ამისა, საერო უმაღლეს სასწავლებლებში შეიქმნა რელიგიათმცოდნეობის კათედრები, რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტები. ასეთ დიდ საქმეს თან სდევდა ამ სფეროში გაუცნობიერებელ ადამიანთა მიერ ახალი სახელმძღვანელოებისა და პროგრამების შედგენა, რომელთა უმრავლესობა შორს იყო მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან. საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტმა მამა გიორგის ხელმძღვანელობით უდიდესი სამუშაო შეასრულა, რათა სასულიერო პროფილის სასწავლებლებში ქრისტიანული სწავლება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ დოგმებზე ყოფილიყო დაფუძნებული. პროტოპრესვიტერი გიორგი პრინციპული, პატრიოტი და მიუკერძოებელი პიროვნებაა. მან სავსებით სამართლიანად, არ გაიზიარა განათლების სფეროში მიმდინარე ის რეფორმები, რომელიც 2004 წლიდან ტარდება საქართველოში და რომელმაც საქართველოს განათლება დაიყვანა ინფორმაციული მომსახურე პერსონალის მომზადების დონემდე, გამოაცალა მას ეროვნული და კლასიკური საფუძვლები.
  1995 წელს პროტოპრესვიტერი გიორგი არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. მამა გიორგი ხელმძღვანელობს წმიდა წერილის ქართულ ენაზე მთარგმნელთა ჯგუფს. ჟურნალ „რწმენა და ცოდნას.” კითხულობს ლექციებს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
  2005 წლიდან უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.
  2007 წლის 21 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.

  2008 წლის 27 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა ცურტავის ეპისკოპოსად. 2008 წლის 11 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იოანე. 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ შესრულდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა.
  2009 წლის 1 ნოემბრიდან ეპისკოპოსი იოანე გადაყვანილ იქნა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველად.
  2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და დანიშნა იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად. 2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის სიონის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა. 2013 წლიდან რუსთველი მიტროპოლიტი.

  ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მეთაურის, მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), 2019 წლის 22 ივნისიდან დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად, ხოლო წმინდა სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - ამავე ეპარქიის მმართველად.


ქართველნო ერთად ღვთისაკენ!

copyright@Ortox.2022