2015 წლის 15 სექტემბერი

წმ. სვიმეონ მჭედლიძის შთამომავლები ახალმოწამეთა სახ. ტაძარში

* * *.

ქუთაისის წმინდა ახალმოწამეთა: მიტროპოლიტი-ნაზარი, მღვდლები-გერმანე, იეროთეოზი, სვიმეონი, დიაკონი-ბესარიონი და სხვათა, ტოტალიტარული რეჟიმის დროს მომწყდართა - სახელობის ტაძარს (ხორავას ქ. #20) ერთ-ერთი წმინდანის-სვიმეონ მჭედლიძის შთამომავლობა ეწვია. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ წმინდანთა სახელზე პარაკლისი შეასრულა და დალოცა სვიმეონ მჭედლიძის შთამომავლობა და შეკრებილი მრევლი. წმინდანის შვილიშვილმა - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ქალბატონმა დამანა მელიქიშვილმა საჩუქარი უძღვნა ახალმოწამეთა ტაძარს და იგი ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ სტეფანეს (ნანობაშვილი) გადასცა. მანვე აღუთქვა, რომ ტაძარსვე გადასცემდა იმ ხატს, რომელიც პირველად დაიწერა საპატრიარქოში წმინდანთა კანონიზაციისას . წმინდანის შთამომავლებმა გულდასმით დაათვალიერეს ტაძარში ახლად დასრულებული კედლის ხატწერა. იმ ადგილას კი სადაც ახალმოწამეთა წამების სცენებია გადმოცემული, კარგა ხანს იდგნენ და ცრემლიანი თვალები, მრავლისმთქმელი მზერით ჰქონდათ მიპყრობილი ხატზე.