გელათის სიწმინდეები

      გელათის მონასტერში წმიდა კეთილმსახურმა დავით აღმაშენებელმა დააბრძანა შემდეგი სიწმინდეები: მაცხოვრის საუფლო სისხლი, ჯვარცმის დროინდელი სუდარის ნაჭერი, ძელი ჭეშმარიტი, მაცხოვრის თმები და წვერები, ღვთისმშობელ მარიამის თმა, მოგვების ოქრო, უფლის სამსჭვალი, ღვთისმშობლის კაბის ნაწილი "რომელი ემოსა ჟამსა მას, რომელსა იყო ღმერთი მუცელსა მისსა", ქრისტეს საფლავის მიწა, ღრუბელი, იუდას ვერცხლი, ლოდი ქრისტესი, წმინდა გიორგის თავის ქალა, წმინდა თეოდორეს, წმინდა დიმიტრის, წმინდა ხარლამპის, წმინდა ევსტატის, პირველმოწამე სტეფანეს ნაწილი, წმინდა თომა მოციქულის, წმინდა თეოდორე სტრატილატის, წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის, წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა სამსონის, წმინდა ბენედიქტეს, წმინდა ემელიანეს, წმინდა თეოქტისტეს ნაწილი და სხვა უამრავი სიწმინდე.
1842 წელს გელათის სიწმინდეების აღწერილობაში. ჩამოთვლილია სიწმინდეების ნუსხა: "ხატი ერთი გელათის ღვთისმშობლისა ოქროსი, ბუდესა შინა კარებიანსა, ხატი სრულიად აღსავსე არს წმინდა ნაწილებითა, რომელნიცა ასვენიან ბუდეთა შინა, ხატი ღვთისმსობლის ყოველთა სნეულთა მკურნალისა, მოოქროვილი ვერცხლი".
"ხატი ხახულისა ღვთისმშობლისა დახატული ფიცარსა ზედა ბაგისასა, რომელსა შინა მწოლარე იყო პირველ საუკუნო ყრმა. ხატის ბუდე და კარები არის შეჭედილი ოქროთი ფრიად, ხუთს ადგილსა ბუდისასა ასვენია წმინდათ ნაწილები, ხატი აწყურის ღვთისმშობლისა, ხატი არის შეჭედილი ოქროთი, შემკული ოქროთი, შემკული ძვირფასი თვლებით."
საუკუნეების მანძილზე გარეშე თუ შინაური მტრების შემოსევების შედეგად გელათის უამრავი სიწმინდე დაიკარგა და გაუჩინარდა.
1923 წლის ნოემბერში ბოლშევიკებმა გელათის მონასტერი დახურეს. სავარაუდოდ, გარკვეული სიწმინდეები ამ პერიოდშიც დაიკარგა. 2005 წლის დეკემბერში ქუთაის-გაენათის ეპარქიას გადაეცა მუზეუმში დაბრძანებული 1833 წელს დამზადებული სანაწილე წმინდა ნაწილებით. აღსანიშნავია ამ უდიდეს საქმეში ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს და ბატონების გივი ტყეშელაშვილისა და ნუკრი კვარაცხელიას დიდი წვლილი. ამჟამად სიწმინდეთა დიდი ნაწილი საქართველოს მუზეუმებშია დაცული.
მომავალში აუცილებელია ჯერ საქართველოს მასშტაბით მოხდეს გელათის საწმინდეების აღნუსხვა, შესწავლა და შემდეგ მათი შესაბამის ადგილზე დაბრუნება.
ამჟამად პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში დაბრძანებულია სანაწილე წმინდა ნაწილებით:

წმინდა გიორგის თავის ქალას თხემი. ძვლის მარჯვენა ქვედა ნახევარი ჩამოტეხილია უხეშად. ძვალს ნაწილობრივ შემორკალული აქვს თითბერის მოოქროვილი ფირფიტა. თხემის ბორცვზე დამაგრებული წმინდანის გამოსახულებიანი მედალიონი დაზიანებულია. წარწერაც ფრაგმენტულია.

წმინდა თეოდორე ტირონის თავის ქალას ჩონჩხის ნაწილი. (შუბლის ძვალი, თვალბუდეები, ცხვირის ღრუ, ზედა ყბის კბილის ფოსოები კბილების გარეშე, ყვრიმლის ძვლები). წმინდანის შუბლის ძვალზე ოთხი ვერცხლის ლურსმნით დაკრულია მრგვალი ვერცხლის მედალიონი წმინდანის გამოსახულებით. მედალიონს აქვს შესაბამისი წარწერა ბერძნულ ენაზე.

წმინდა დიმიტრის თავის ქალას ნაწილი, (კეფისა და თხემის ძვლებით). ქალას ბოლოზე შემოკრული აქვს მოოქროვილი თითბერის რკალი, სფეროს თავზე ჯვარედინად გადაკრული რკალები უერთდება ასევე მოოქროვილ მედალიონს წმინდანის გამოსახულებით. წარწერა შესრულებულია ბერძნულ ენაზე.

 

წმინდა სამსონ უცხოთშემწყნარეს ბარძაყის ძვალი. კარგად ჩანს სასახსრე ფოსოები. თავბოლოში ჯვარედინად გადაკრული აქვს ვერცხლის რკალები, ზოგან აგლეჯილი. შუაში მოოქროვილი ლითონის ფირფიტა აქვს შემოკრული რუსული წარწერით. ზ. 39 სმ.

წმინდა იოანე ოქროპირის წვივის ძვალი, ორი მესამედი ნაწილი. ზ. 29 სმ.

წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის მხრის ძვალი. მას დაკრული აქვს ჯვარედინი ვერცხლის რკალი. შუაში ვერცხლის ფირფიტა წარწერით. ზ. 32სმ.

წმინდა თეოდორე სტრატილატის წვივის ძვალი. სასახსრე თავები დაზიანებულია. ძვალს ჯვარედინად ვერცხლის რკალი აქვს დაკრული. ზ. 37სმ.

წმინდა თეოქტიტეს წვივის ძვალი. ძვლის ერთი მესამედი გადატეხილია. ძვლის თავზე შემორჩენილია ვერცხლის რკალის ფრაგმენტი. შუაში წმინდანის ვინაობის აღმნიშვნელი ვერცხლის ფირფიტა აქვს შემოკრული წარწერებით. ზ. 28 სმ.

წმინდა თომა მოციქულის ბარძაყის ძვლის ნაწილი. დაზიანებულია. ზ. 18 სმ.

 

 

წმინდა ემელიანეს ბარძაყის ძვლის ნაწილი. დაზიანებულია. ზ. 23 სმ.

 

წმინდა ბენედიქტეს სხივის ძვალი, დაზიანებულია. ზ. 18 სმ.

 

უცნობი წმინდანის წვივის ძვალი. ზ. 16 სმ.
უცნობი წმინდანის ძვლის ნაწილი. ზ. 15 სმ.

უცნობი წმინდანის მხრის ძვლის ნაწილი. ზ. 9 სმ.
უცნობი წმინდანის ძვლის ნაწილი. ზ. 11 სმ.

       2013 წლის 14 ოქტომბერს ბაგრატის საკათედრო ტაძარში ჩამოაბრძანეს გელათის სიწმინდეები.
წმინდა ნაწილები, რამდენიმე თვის განმავლობაში დაბრძანებული იყო თბილისის სამების საკათედრო ტაძარში.სადაც მოხდა მათი გადაბრძანება სპეციალურად შექმნილ უძვირფასეს ლუსკუმაში.
პატრიარქის კურთხევით, გელათის სიწმინდეები ისევ გელათს დაუბრუნდა.