წმინდა დავით აღმაშენებლის ხატი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის ტრაპეზზე

2000 წელს იერუსალიმში ქრისტეშობის დღესასწაულზე საქართველოს დელეგაციაში მყოფმა ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა, გელათის სასულიერო აკადემიის რექტორმა კალისტრატემ, ქართველი ერის სახელით იერუსალიმის ჯვრის მონასტერს საქართველოს მეფეთ–მეფის წმინდა დავით აღმაშენებლის ხატი შესწირა.  ხატი ტაძრის ტრაპეზზე დააბრძანეს, რათა წმინდა მეფეთ–მეფემ შეავედროს უფალს ჩვენი ქვეყანა და, როგორც  ადრე, ჯვრის ძალითა და მფარველობით განავრცო საქართველო ნოკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არაგაწამდე, დღესაც მისი ლოცვით უფალმა აღგვიდგინოს ჩვენი სამშობლო მის ისტორიულ საზღვრებში. ამინ

 

+   ჯვრის მონასტერი  +

ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, (შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი საზღვარგარეთ), პალესტინაში (ახლანდელი ისრაელი). დააარსა ქართველმა მოღვაწემ გიორგი-პროხორე შავშელმა საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით XI საუკუნის 30-50-იან წლებში. მდებარეობდა იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით (ახლა ქალაქის გაზრდის გამო მის ფარგლებში მოექცა). გადმოცემით მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც თითქოს ქრისტე აცვეს. ჯვრის მონასტერი პალესტინის ქართულ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა. 1071 იერუსალიმის აღებისას, მონასტერი დაარბიეს და ნაწილობრივ დაანგრიეს თურქ-სელჩუკებმა. XII საუკუნის დამდეგს მეფე დავით IV აღმაშენებლის მხარდაჭერით აღადგინეს, განაახლეს და მოხატეს. ეგვიპტის სულთნის სალადინის (სალაჰ ალ-დინი) მიერ იერუსალიმის დაპყრობის (1187) შემდეგ მონასტერი კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) არაერთხელ გაუწიეს დახმარება, ხოლო 1192 წელს საგანგებო ელჩობა მიავლინეს მისი მატერიალური და უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენცია მნიშვნელოვნად განაპირობებდა ჯვრის მონასტრის პრივილეგიების შენარჩუნებასა და მის შემდგომ დაწინაურებას.
1272 წელს მონასტერი ჩამოერთვათ ქართველებს და მეჩეთად გადაკეთდა. 1305 მეფე დავით VIII-ის მცდელობით იგი ქართველებს დაუბრუნდა. მონასტერი აღადგინეს და განაახლეს. 1400 წელს ჯვრის მონასტერი კვლავ დაარბიეს. XV საუკუნეში მონასტერს მატერიალური დახმარება გაუწიეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა და მზეჭაბუკ ათაბაგმა. მონასტერში აღმშენებლობითი საქმიანობა გააჩაღა სერაპიონ კუმურდოელმა, 1516-იდან, მას შემდეგ, რაც პალესტინა ოსმალებმა დაიკავეს, მონასტერს ნაწილობრივ შეეკვეცა უფლებები.
XVII საუკუნეში ქართველთა ყურადღება ჯვრის მონასტრისადმი გაიზარდა. 40-იან წლებში აქ დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკიფორეირბახი). სამეგრელოს მთავარის ლევან II დადიანის მატერიალური დახმარებით შეაკეთა მთავარი ტაძარი, მოახატვინა კედლები, გუმბათი და სხვა. 1684 წელს დავალიანებული მონასტერი დაიხსნა ქართლის მეფე გიორგი XI-მ. XVII საუკუნის დასასრულს ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1855 აქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა (მოქმედებდა 1908-მდე). ბერძნული სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირსა და ქართველთა მოღვაწეობის ფაქტებს, ფრესკები საგანგებოდ შეათეთრეს. 1948-1958 წლებში მონასტრის ტერიტორიაზე ისრაელის ჯარის ნაწილი იდგა. 1960 წელს ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია (ი. აბაშიძე, ა. შანიძე, გ. წერეთელი).
ჯვრის მონასტერში  დაარსებისთანავე გაიშალა ლიტერატურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, რომელიც ჯერ კიდევ გიორგი-პროხორემ წამოიწყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: მიქაელ დვალი, იოანე დვალი, შავი იოანე, გაბრიელ საყვარელი (XI ს.), მიქაელ გვირგვინის ძე (XII ს.). ტრადიციის გადმოცემით, აქ ყოფილა არსენ იყალთოელი, ნიკოლოზ I გულაბერისძე, ერთხანს თითქოს აქ მოღვაწეობდა შოთა რუსთაველიც (2006 წლამდე მთავარ ტაძარში სვეტზე შემონახული იყო მისი ფრესკული პორტრეტი, XII-XIII საუკუნეების მიჯნა). ჯვრის მონასტერში შეიქმნა უცნობ ავტორთა ჰაგიოგრაფიული თხზულებანი "პროხორეს ცხოვრება", "ლუკას წამება" (XIV ს.), "ნიკოლოზ დვალის მარტვილობა" და სხვა. შედგა კრებულები, გამრავლდა ხელნაწერები. ჯვრის მონასტერიფართოდ არის აღწერილი და სესწავლილი (ტ. გაბაშვილი, გ. ავალიშვილი, ნ. ჩუბინაშვილი, პ. უსპენსკი, რ. ჟანენი, კ. კეკელიძე, გ. ფერაძე, ბ. თარხნიშვილი, კ. სალია, ე. მეტრეველი და სხვა). აქაურ ქართულ ხელნაწერთა უმდიდრესი კოლექციის ნაწილი 1888 აღწერა ა. ცაგარელმა, 1902 წელს ნ. მარმა, 1924-1926 წლებში რ. ბლეიკმა. ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების ძირითადი ნაწილი ახლა იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაშია დაცული, ხოლო ზოგიერთი სინის მთაზე, თბილისში, ქუთაისში, სანქტ-პეტერბურგში, ვენაში, პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონში და სხვაგან.  


ტექსტის წყარო:  http://ka.wikipedia.org/wiki/ჯვრის_მონასტერი