ქუთაის გაენათის ეპარქია
   
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
Geo Rus Eng
17 აგვისტო 2017 წელი

ქუთაის_გაენათის ეპარქიაში არსებული მეფუტკრეობის სამმართველო

.

„ემგვანეთ ფუტკარს, რომელიც უკეთურებას გვერდს აუვლის
და მადლს მოაგროვებს“
                      -  ილია II -

„დიდ ხარ, შენ, უფალო! და საკვირველ არიან საქმენი შენნი“
უფლის მიერ შექმნილ მრავალ საკვირველ არსებათაგან ერთ-ერთი ფუტკარია, რომელიც მართლაც საოცარია თავისი გონიერებით და ცხოვრების წესით. დღესადღეობით მსოფლიოში ცნობილ ფუტკრის ჯიშებს შორის ქართულ ფუტკარს ერთ-ერთი ღირსეული ადგილი უჭირავს. იგი აღსანიშნავია თავისი მაღალი შრომისუნარიანობითა და სიმშვიდით.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ჩვენს ეპარქიაში შეიქმნა მეფუტკრეობის სამმართველო, რომელიც ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას.
ჩვენ ფუტკარი მოვაშენეთ გელათის მონასტერში, წმ. თეკლას მონასტერში; წმ. ნინოს მონასტერში, დერჩში წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. ყოველი წლის გაზაფხულზე ვატარებთ კურსებს მეფუტკრეობის შემსწავლელთათვის. მრევლს ვაწვდით ფუტკრის ნატურალურ პროდუქტებს: თაფლს, სანთელს, დინდგილს, ფუტკრის რძეს. ამჟამად შემოგთავაზებთ მათ სამკურანლო თვისებებს.

 

 

თაფლის შესახებ:

დინდგელი:

ფუტკრის რძე:

 

 

  

    თაფლის სამკურნალო თვისებები:
ბუნებრივი თაფლი ძვირფასი საკვები და სამკურნალო პროდუქტია, რაც განპირობებულია მისი ქიმიური შემადგენლობით, ბიოლოგიური თვისებებით. მისი დადებითი თვისებების შესახებ მოგვითხრობენ ძველი რომისა და საბერძნეთის გამოჩენილი სწავლულებისა და ფილოსოფოსების შრომები.
ძველ ქართულ სახალხო მედიცინაში თაფლი რეკომენდებულია სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ. სახალხო მედიცინის ისეთ შესანიშნავ ძეგლში, როგორიცაა „წიგნი სააქიმოი“, ჩამოთვლილ პრეპარატებში თაფლი ამ მიზნისათვის 118-ჯერ არის ნახსენები.
მიღებისა და გადამუშავების მეთოდების ტექნოლოგიური ნიშნის მიხედვით არსებობს თაფლის შემდეგი სახეები: ფიჭების, სექციური, ცენტრიდანული, წნეხილი, თვითნადები, გატეხილი ანუ გაჭყლეტილი და სხვ.
თაფლი ფერის მიხედვით შეიძლება დაიყოს ორ ქვეჯგუფად: ღია და მუქი ფერის თაფლად.
ღია ფერის თაფლს მიეკუთვნება თაფლის შემდეგი სახეები: აკაციის, ცაცხვის, ნარინჯის, მზესუმზირის, სამყურის, ბამბის, ესპარცეტის და სხვა მცენარეების თაფლი.
მუქი ფერის თაფლია: წაბლის, თამბაქოს, წიწიბურას, მანანას, წიწვოვანი მცენარეების და სხვ.

თაფლის ფიზიკური თვისებები
როგორც ცნობილია, თაფლი წარმოადგენს ნექტარს, გადამუშავებულს ფუტკრის სათაფლე ჩიჩახვში და მომწიფებულს ფიჭებში.
თაფლის ფიზიკური თვისებებიდან აღსანიშნავია სიბლანტე, სიმკვრივე და კონსისტენცია.
თაფლის სიბლანტე დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე და მერყეობს 3,18-დან 14,4 პუაზამდე. სიბლანტეზე გავლენას ახდენს თაფლში შემავალი შაქრები და დექსტრინები. თაფლი, რომელიც მეტი რაოდენობით შეიცავს ფრუქტოზას, ნაკლებად ბლანტია.
ახლად გამოხდილი თაფლი გამჭვირვალე, ბლანტი, არომატული სითხეა, რომლის ხვედრითი წონა 15°c ტემპერატურაზე მერყეობს 1,41-1,44 ფარგლებში. ხვედრითი წონა თაფლის სიმწიფის ერთ-ერთი მაჩვენებელია. თაფლი, რომელშიც ჭარბობს გლუკოზა, სწრაფად იწყებს დაკრისტალებას, დაშაქრებას, ფრუქტოზის მაღალმა შემცველობამ კი შეიძლება თაფლი გახადოს დაუკრისტალებელი. თაფლის დაშაქრება ყველაზე სწრაფად 13-14°c ტემპერატურაზე მიმდინარეობს. ტემპერატურის შემდგომი ამაღლებით კრისტალიზაცია ნელდება და 27-32°c-ზე მთლიანად წყდება. 33-40°c-ზე კრისტალები იხსნება და თაფლი ხდება სიროფისმაგვარი. თაფლი, რომელიც არ შაქრდება, შეუცვლელია დიაბეტიკებისათვის. კრისტალიზაციის პროცესი ბუნებრივი პროცესია, ამიტომ იგი არ აუარესებს თაფლის ხარისხს.


თაფლის ქიმიური შემადგენლობა
ვინაიდან თაფლი მზადდება მცენარეების ნექტარისაგან, მისი ქიმიური შემადგენლობაც ბევრადაა დამოკიდებული ნექტარის ქიმიურ შემადგენლობაზე, მისი ქიმიური შემადგენლობა კი დამოკიდებულია მცენარის თავსებურაზე, ასევე მისი ვეგეტაციის პირობებზე (ამინდზე, ნიადაგზე, გეოგრაფიულ პირობებზე და სხვ.). თაფლის ქიმიური შემადგენლობიდან აღსანიშნავია: ნახშირწყლები, აზოტშემცველი, მინერალური, საღებავი და არომატული ნივთიერებები, ვიტამინები, ანტიბიოტიკები და სხვ.
ნახშირწყლებიდან თაფლში გვხვდება გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა, დექსტრინები — სხვადასხვა რაოდენობით. თაფლში ინვენსირებული შაქრის რაოდენობა 75%-მდე ადის, აქედან გლუკოზა — 34%, ფრუქტოზა — 40%, საქაროზა კი — 1-2%.
თაფლი ღირსშესანიშნავია ვიტამინების შემცველობით, რომლებიც გადადის ყვავილების მტვერთან ერთად. დადგენილია, რომ 1 კგ თაფლში 6000-მდე ყვავილის მტვერია. თაფლი შეიცავს შემდეგ ვიტამინებს: თიამინს (B1), რიბოფლავინს (B2), პანტოტენის მჟავას (B3), პირიდოქსინს (B6), ნიკოტინის მჟავას (PP), პანტოტენის მჟავას, ოტოკოფეროლ აცეტატს (E) და ასკორბინის მჟავას (C).
თაფლი მდიდარია ფერმენტებით — ორგანული ნივთიერებებით, რომლებიც ორგანიზმში აჩქარებენ მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესის ბიოქიმიურ რეაქციებს. თაფლის 60°c-ზე გაცხელებისას ფერმენტები იშლება და ამგვარი თაფლი მოკლებულია მრავალ სამკურნალო თვისებას.
ნახშირწყლებისა და ფერმენტების გარდა თაფლი შეიცავს წყალს (15-20%) და მინერალურ ნივთიერებებს (0,5%). მინერალურ ნივთიერებათგან — კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, გოგირდის, იოდის, ქლორის და ფოსფორის მარილებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მინერალური ნივთიერების შემცველობა თაფლში რაოდენობრივად დაახლოებით ისეთივეა, როგორც ადამიანის სისხლის შრატში.
მუქი ფერის თაფლი გამოირჩევა მეტი პოტენციური ტუტოვნობით, რადგან იგი უფრო მეტი რაოდენობის მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ღია ფერის. სწორედ აღნიშნული თვისებებით აიხსნება თაფლის დროებითი როლი კუჭ-ნაწლავის იმ პათოლოგიების დროს, რომელთაც ახასიათებთ კუჭის წვენის დაბალმჟავიანობა.
თაფლი აგრეთვე შეიცავს რიგ ორგანულ მჟავეებს ვაშლის, ლიმონის, რძისა და სხვ.
თაფლი შეიცავს ეთეროვან ზეთებს (ისინი განაპირობებენ მის არომატს) და მღებავ ნივთიერებებს (კაროტინს და სხვ.).


თაფლის ბაქტერიციდული თვისებები
ოპტიმალურ პირობებში შენახული თაფლი დიდხანს არ ფუჭდება — არ განვითარდება ბაქტერიების სპორები, არ მოეკიდება ობი. როგორც ცნობილია, ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში თაფლს იყენებდნენ ადამიანებისა და ცხოველების დასაბალზამებლად. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც გარდაიცვალა ლაშქრობის დროს შუა აზიაში, მაკედონიის დედაქალაქში გადაასვენეს თაფლში მოთავსებული. რომაელები თაფლს იყენებდნენ საკვები პროდუქტების შენახვისათვის. ხორცი ამ შემთხვევაში შესანიშნავად ინარჩუნებს თავის ბუნებრივ თვისებებს, გემოს.
მეცნიერების მონაცემებით დიზენტერიის, მუცლისა და პარატიფის ჩხირები იღუპებიან თაფლში 10-24 საათის განმავლობაში, თაფლის დამატება ტუბერკულოზის ბაცილების კულტურაში იწვევს მათი განვითარების შეჩერებას. თაფლის თვისებაა მოსპოს ცხოველური წარმოშობის ერთუჯრედიანი ორგანიზმები — ამება, ინფუზორი. თაფლის ანტიბაქტერიციდული თვისებები დამოკიდებულია ფიტონციდების სხვადასხვა სახეზე, რომლებიც მცენარეებში გვხვდება, ასევე მუშა ფუტკრის სეკრეტორულ ფუნქციებთანაა დაკავშირებული.
სწორედ ეს განსაკუთრებული „ზებუნებრივი“ თვისებები განაპირობებენ იმას, რომ თაფლი გამოირჩევა სხვა საკვები პროდუქტებისაგან იმითაც, რომ ის თავის სამკურნალო და გემურ თვისებებს ინარჩუნებს ათეული და ასეული წლების მანძილზე.


თაფლის დიეტური და კვებითი მნიშვნელობა
თაფლი ერთ-ერთი რთული ბიოლოგიური პროდუქტია, რომლის შემადგენლობაში 70-ზე მეტი ნივთიერებაა აღმოჩენილი. ყველა ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი და შეუცვლელიცაა. თაფლი განუმეორებელია ბუნებაში თავისი გემური და კვებითი ღირებულებით. ამიტომაა, რომ ხალხმა ადამიანის ყველაზე ბედნიერ დღეს „თაფლობის თვე“ უწოდა. მეცნიერების მონაცემების მიხედვით, ბუნებრივი თაფლი თავისი შემადგენლობით ახლოს დგას სისხლის პლაზმასთან. განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს თაფლი ბავშვთა ორგანიზმის განვითარებაზე. თაფლი საკვების მზა ფორმაა, რომელიც უშუალოდ გადადის სისხლში და ებმება მისი ცხოველმოქმედების ფუნქციებში. იორიში არნიშნავს, რომ თაფლი წარმოადგენს ნამდვილ „ცოცხალ“ ნივთიერებას, მიღებულს თვით ბუნებისაგან. თაფლში მყოფი ვიტამინები ამჟღავნებენ მოქმედების უფრო დიდ აქტივობას, ვიდრე სინთეზური ვიტამინების პრეპარატები. რაც აიხსნება იმით, რომ მათი მოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კომპლექსში იმყოფებიან ისინი სხვა შემადგენელ ნაწილებთან, განსაკუთრებით მინერალურ ნივთიერებებთან. თაფლში შემავალი ნახშირწყლები, რომლებიც შეადგენენ მასის 80%-ს, ასევე ითვლება სამკურნალო თვისებების მატარებელ ნივთიერებებად. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე თაფლში შემავალ ცილებსაც. განსაკუთრებით დიდია მათი მნიშვნელობა ბავშვებისათვის, მაშინ, როდესაც მათ არ შეუძლიათ ცილების მიღება რძიდან, თაფლი რჩება ერთ-ერთ წყაროდ ბავშვთა ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით მომარაგებაში. თაფლს ახასიათებს მაღალი კალორიულობაც. 1 კგ თაფლის კალორიულობა აღწევს 3150-ს, საშუალო სიმსუქნის საქონლის ხორცისა — 1330-ს. თაფლი, მოხვდება რა ნაწლავებში, სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის ლიმფურ სისტემაში, საიდანაც გადადის სისხლსა და ქსოვილებში. თაფლი ამაგრებს კუნთებს, იწვევს ორგანიზმის მსუბუქ აღგზნებას, განსაკუთრებით მოქმედებს ნერვულ და სისხლის მიმოქცევის სისტემებზე და ეხმარება ორგანიზმს დაუღლელობაში.


დოზები და მიღების წესი
თაფლი იხმარება გულის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, ღვიძლის, კუჭის წყლულისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე კანის დაავადებისა და ფურუნკულოზის წინააღმდეგ. თაფლის ყოველდღიური ულუფა მოზრდილთათვის 80-100 გრამია, ბავშვებისათვის — 30-60 გრამი; თაფლის ეს რაოდენობა შეიძლება მიღებულ იქნეს ნაწილ-ნაწილად 1,5-2 საათით ადრე ჭამამდე ან 3 საათის შემდეგ საჭმლის მიღებიდან. დღიური ნორმა სხვადასხვა ავტორს განსხვავებული მოყავს. პროფ. სინიაკოვი მოზრდილებისათვის ღდეში 0,5-1 გრამს ურჩევს ყოველ 1 კგ წონაზე. დიაბეტის დროს თაფლის მიღების ნორმებს ადგენს მკურნალი ექიმი.
ბავშვებს თაფლი უკეთესია მივცეთ სხვა საჭმელებთან ერთად, მაგალითად, ფაფები, ხილი ან ჩაი. არ შეიძლება მივცეთ ბავშვებს დიდი რაოდენობით თაფლი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზიზღი თაფლის მიმართ, შესაძლებელია პირისღებინებაც.
ცნობისათვის: ერთი ჩაის კოვზი თაფლი — 7, ერთი დესერტის კოვზი — 14, ხოლო სუფრის კოვზი — 24 გრამია.
ყველაზე მარგებელია თუ მივიღებთ თაფლს გახსნილს გადმოდუღებულ თბილ წყალში, ჩაისთან ან რძესთან ერთად.


თაფლის მოქმედება კუჭ-ნაწლავზე და ღვიძლზე
ძველი ხალხური ანდაზაა: „თაფლი კუჭის საუკეთესო მეგობარია“ და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.
კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის შემთხვევაში თაფლი მიიღება უშუალოდ ჭამის წინ, განზავებული გადმოდუღებულ ცივ წყალში (1 სუფრის კოვზი თაფლი 1 ჭიქა წყალში).
მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში თაფლი მიიღება ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე ან ჭამის შემდეგ 3 საათის მერე, ოღონდ თაფლი უნდა გაიხსნას აუცილებლად თბილ წყალში.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადების შემთხვევაში მიიღება თაფლის ხსნარი (1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა გადმოდუღებულ თბილ წყალში) 2-3-ჯერ დღეში. უკეთესია ვაშლის წვენში გახსნილი თაფლის მიღება.
შევურიოთ 1 ჭიქა თაფლი და 1 ჭიქა შავი ჭარხლის წვენი ერთმანეთში, მივიღოთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში. ნარევის სისტემატიური მიღება გამორიცხავს ნაღვლ-კენჭოვან დაავადებას და ზევით წევს გემოგლობინს.


თაფლის გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს
გლუკოზა აუცილებელი ენერგეტიკული მასალაა კუნთოვანი ქსოვილისათვის. განსაკუთრებით გულის კუნთისათვის. ამიტომ თაფლი ნაჩვენებია გულის კუნთის სისუსტის დროს, როგორც საუკეთესო დიეტური მკვებავი საშუალება. თაფლი უნდა მივიღოთ მცირე დოზებით (1-2 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში) რძესთან, ხაჭოსთან, ხილის წვენებთან ერთად.
1 სუფრის კოვზ გამხმარ ასკილს დავასხათ 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გაგრილების შემდეგ ნაყენი გავწუროთ დოლბანდში და დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღება  1/4-1/2 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
გულის იშემიური დაავადებისას, ფეხების ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს სასარგებლოა თაფლი ნიორით. 250 გრამ გატარებულ ნიორს ვუმატებთ 350 გრამ თაფლს, კარგად ვურევთ და ვინახავთ 1 კვირის განმავლობაში. მიიღება 1 სუფრის კოვზი ჭამამდე 40 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში 2 თვის განმავლობაში.


თაფლის გამოყენება სხვადასხვა დაავადებების დროს
თაფლი დამაწყნარებლად მოქმედებს ნერვული სისტემის აღგზნებისას. 1 ჭიქა თბილ წყალში გაზავებული 1 სუფრის კოვზი თაფლის მიღება ღამით, ძილის წინ, ითვლება ყველაზე უვნებელ საძილე საშუალებად.
თაფლს ფართოდ იყენებენ ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის, ნაოპერაციებ ავადმყოფებისათვის, დაუძლურებულ, ასაკოვან ადამიანთათვის და სხვ. ამ შემთხვევაში თაფლს კარაქთან და რძესთან ერთად ღებულობენ.
100 გრ ალოეს წვენს შევურიოთ 500 გრ ნიგოზი და 300 გრ თაფლი. მიიღება 1 სუფრის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში.
100 გრ თაფლს შევურიოთ 100 გრ კარაქი, 100 გრ ბატის ქონი, 15 გრ აოლეს წვენი და 100 გრ კაკაო. მიღებული მასა გავაცხელოთ ადუღებამდე. მიიღება 1 სუფრის კოვზი ცხელ რძესთან ერთად.
ბავშვებს შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში ძილის წინ აძლევენ 1 ჩაის კოვზ თაფლს. თაფლი ამ დროს ასრულებს ორგვარ მოვალეობას: მოქმედებს დამამშვიდებლად და ძლიერი ჰიგროსკოპულობის გამო ორგანიზმი ინარჩუნებს ტენს.
თირკმელებში ქვიშის არსებობის დროს — 50 გრ თაფლს უმატებენ 50 გრ ზეითუნის ზეთს, 1 ლიმონის წვენს, ღებულობენ თითო სუფრის კოვზს ჭამამდე დღეში 3-ჯერ.
ხველებისას — ნელ ცეცხლზე ხარშავენ 1 ლიმონს 10 წუთი, ჭრიან შუაზე და წურავენ ჭიქაში. წვენს უმატებენ 2 სუფრის კოვზ გლიცერინს და ჭიქას შეავსებენ თაფლით. ნარევს კარგად ურევენ და ყოველი მიღების წინ ანჯრევენ. ღებულობენ თითო ჩაის კოვზს ძილის წინ. თუ ხველა ძლიერია, 1 ჩაის კოვზი დილით უზმოზე, სადილამდე და სადილის შემდეგ, საღამოს ვახშმამდე და ვახშმის შემდეგ.


თაფლის შენახვა
თაფლი უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში არაუმეტეს 10°c ტემპერატურისა. თუ თაფლი შეიძინეთ 3 ლიტრიანი ქილით, აუცილებელია დავაფასოვოთ მცირე მოცულობის მინის (უკეთეია მუქ) არაუმეტეს 0,5 ლიტრიან ქილაში ხრახნიანი სახურავით.
დაიმახსოვრეთ“
— არ გააცხელოთ თაფლი 40°c-ზე ზევით;
— ნუ გაყინავთ და ნუ შეინახავთ თაფლს ყინვაში;
— დაუშვებელია თაფლზე მზის სხივების მოხვედრა;
— ნუ ჩაასხამთ თაფლს ჭურჭლის მთლიანი მოცულობის 95%-ზე მეტს;
— გარკვეული დროის შემდეგ თაფლი იწყებს დაკრისტალებას (გარდა აკაციისა, სალბის) ეს ბუნებრვი პროცესია.
— თაფლის დაკრისტალება — მისი მაღალი ხარისხის მაჩვენებელია!

 

   დინდგელი

 დინდგელი— პროპოლისი წებოვანი მუქი მომწვანო ან მოყვითალო ყავისფერია, აქვს მომწარო გემო, დამახასიათებელი სპეციფიკური —თაფლის, ცვილის, ვანილის და ფისოვანი სუნი. დროთა განმავლობაში დადგენილი შედარებით მუქ, ხშირ შემთხვევაში მოშაო ფერს ღებულობს, მკვრივდება და კარგავს სუნს. დინგილის სასიამოვნო სუნი დამოკიდებულია იმ მცენარეთა სახეობაზე, საიდანაც აგროვებს მას.

გთავაზობ
პრაქტიკაში დინდგელის
გამოყენების ზოგიერთ რეცეპტს

დინდგილის წყალხსნარის მომზადება

დინდგელის პრეპარატები საუკეთესო საშუალებაა დამწვრობის, მოყინვის, მაზოლების, მეჭეჭების და სხვათა დროს.
დადგენილი წყალში ცუდად იხსნება, მაგრამ წყალხსნარის სახით იგი აქტიურობას მაინც ინარჩუნებს.
1. 100 გ წვრილად დაქუცმაცებულ, მექანიკური ჭუჭყისაგან განთავისუფლებულ დინდგელს დაუმატეთ 100 მლ გამოხდილი წყალი, მოათავსეთ მეორე წყლიან ჭურჭელში და გააცხელეთ 1 საათის განმავლობაში. წემდეგ გაფილტრეთ, გააგრილეთ, ინფილტრატი გადაიტანეთ ბოთლში და ჰერმეტულად შეინახეთ. გამოიყენეთ წყალთან ერთად დანიშნულებისამებრ.
2. ვიტამინების შესანარჩუნებლად აიღეთ 100 გ დინდგელი, მაცივარში გაყინეთ, შემდეგ წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ბოთლში, ჩაასხით 500 მლ გამოხდილი ან წვიმის წყალი და ენერგიულად დროდადრო 5-7 დღის განმავლობაში შეანჯღრიეთ. დინდგელის გაუხსნელი ნაწილი დაილექება. გახსნილი გადმოიტანეთ სხვა ჭურჭელში და სამკურნალოდ გამოიყენეთ.
პროპოლისიანი წყალი პირის ღრუს დაავადებისას გამოიყენება გამოვლებით.

დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტის მომზადება

20-30 გ დაქუცმაცებული დინდგელი ჩაყარეთ 100 მლ 96° სამედიცინო სპირტში. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 კვირის განმავლობაში. ნარევი დღეში რამოდენიმეჯერ შეანჯღრიეთ, შემდეგ გაწურეთ ერთ ფენა დოლბანდში.
1. ტონზილიტის, ანგინის, კუჭის წყლულის დროს სვამენ 20-30 წვეთს 1 ღვინის ჭიქა რძესთან ან თბილ წყალთან ერთად ჭამის წინ 1 საათით ადრე 2-3-ჯერ დღეში.
2. ყურის ტკივილის დროს 3 წვეთი შემთბარი დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტი ჩაიწვეთე ყურში და გარედან დაიდეთ თბილი კომპრესი.
3. მწვავე და ქრონიკული კოლიტის დროს გამოიყენეთ 20% დინდგელის 70°-იან სპირტზე დამზადებული ექსტრაქტი. (20 გ დინდგელი 80 მლ სპირტში). მიიღება 40 წვეთი ექსტრაქტი 1 ჭიქა თბილ წყალთან ერთად ჭამის წინ 1 საათით ადრე დღეში სამჯერ—საჭიროა დავიცვათ დიეტა. მკურნალობა გრძელდება 20-30 დღეს.
4. ქრონიკული პროსტატიტისათვის მზადდება სანთლები. იღებენ დინდგელის ექსტრაქტს 0,1 მლ, კაკაოს ცხიმს 2 გ, ნარევისაგან ამზადებენ სანთლებს, რომელიც შეყავთ სწორ ნაწლავში ძილის წინ. სანთელი დნება და შეიწოვება. მკურნალობა გრძელდება 30 დღეს და მეორდება 2-3-ჯერ 2 თვიანი შესვენებით.
5. საშვილოსნოს ყელის ანთების და ეროზიის დროს, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიებით, ტრიქომონებით, სოკოენებით იყენებენ 96° სპირტზე დამზადებულ 3% დინდეგილს ექსტრაქტს. მკურნალობა გრძელდება 7-10 დღე, დღეში ერთხელ ტამპონის გამოყენებით.
6. კუჭის წყლულის, სტომატიტის დროს პირში გამოსავლებად და თორმეტგოჯა წყლულის დროს კარგად დაწვრილმანებული 30-50 გ დინდგელი ბოთლში ჩაყარეთ, დაასხით 100 მლ სპირტი, რამოდენიმე დღის განმავლობაში პერიოდულად პერიოდულად ანჯრიეთ, შემდეგ გაფილტრეთ და 10 წვეთიდან თანდათანობით მზარდი დოზებით 20 წვეთამდე ჭამის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ჩაის ან სადილის კოვზით წყალთან ერთად, დღეში ორჯერ, ალერგიის შემთხვევაში მიღება შეწყვიტეთ.
7. ბრონქიალური ასთმის და ბრონქიტის დროს დინდგელი იხმარება სპირტხსნარის ინჰალაციის გზით, რომელიც შემდეგნაირად ტარდება. ორთქლის მისაღებად 60 გ დინდგელს და 40 გ ცვილს ათავსებენ 400 მლ მოცულობის ჭურჭელში, რომელსაც დგამენ ცხელ წყალში ჩასხმულ მეორე ჭურჭელში, მკურნალობა გრძელდება ორი თვის განმავლობაში, პროცედურის ხანგრძლივობა 10 წუთია. როგორც კი გაქრება დინდგელისა და ცვილის არომატი ის უნდა შეიცვალოს ახალი ულუფით.
8. პროპოლისის სპირტზე დამზადებული ნაყენი (2-4%) გამოიყენება  სტომატოლოგიაში.
9. სპირტიანი ექსტრაქტის წყალხსნარი მიიღეთ 20 წვეთის რაოდენობით ჭიქაზე პიორეის—პარადონტოზის, კარიესის დროს პირში გამოსავლებად.
10. ყელის დაავადებისას დინდგელის 10-15% სპირტხსნარს ღებულობენ როგორც შინაგან საშუალებას ჩაის კოვზით, ერთ ჭიქა ერთად ან რაფინირებულ შაქარზე 3-5 დაწვეთებით.
11. ქოლეცისტიტის დროს იღებენ ნახევარ ლიტრა სპირტს, უმატებენ 150 გ დინდგელს და იღებენ თაფლწყალთან ერთად სამჯერ დღეში 15-30 წვეთს.
12. გრიპის დროს 10% სპირტიან ექსტრაქტს ცხვირის ნესტოში იწვეთებენ.
13. პროსტატის დროს იყენებენ 30% დინდგელის სპირტზე მომზადებულ ექსტრაქტს. 50 მლ ჩაასხამენ ადუღებულ წყალში და მიიღებენ ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ. თითო კოვზით. მკურნალობის კურსი გრძელდება ერთი თვე. ათი დღის შუალედის შემდეგ გავიმეოროთ.

დინდგელის მალამოს მომზადება

ტუბერკულოზის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ. მალამო მზადდება ვაზელინზე, ლანოლინზე, თევზის ქონზე, კარაქზე ან ღორის ქონზე, რომელიც მოთავსდება მომინანქრებულ ჭურჭელში და ნელ ცეცხლზე მიიყვანება დუღილამდე, გადმოიდგმება ცეცხლიდან და ჩაემატება დაქუცმაცებული დინდგელი. დინდგელიანი კარაქის მოსამზადებლად საჭიროა:
1 კგ კარაქი, გავაცხელოთ 80°c-მდე, შემდეგ უნდა ჩავაყაროთ 100 გ დაქუცმაცებული დინდგელი, განუწყვეტლივ ვურიოთ ფაფისებური მასის მიღებამდე 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გავაცხელოთ კვლავ 80°c ტემპერატურაზე (80°c-ზე ზევით დინდგელი კარგავს ბალზამს და ეთერზეთებს), ცხელ მდგომარეობაში გავფილტროთ დოლბანდის 1 ფენაში, ჩავასხათ ქილაში, მივიღებთ რუხი ფერის მწარე გემოს ერბოსებურ მასას. მალამო ინახება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბნელ, გრილ და მშრალ ადგილზე. მიიცება ჭამამდე 1 საათით ადრე თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ 3 კვირის განმავლობაში. ამავე დროს საჭიროა დიეტის დაცვა, (საკვებად ეძლევათ ფაფები, დაფქვილი ხორცეული, ფხალი, თევზი).
დინდგელიანი კარაქი შეიძლება მივიღოთ ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ რძესთან ერთად.

დინდგელის მაზი დამზადებული მცენარეულ ზეთზე

1. ერთ ლიტრ მზესუმზირის ზეთში ან კარაქში ყრიან 50-70 გ ცვილს, უმატებენ 100-110 გ დინდგელს. ნარევს აცხელებენ 30-40 წუთის განმავლობაში. მაზი გადააქვთ დაზიანებულ უბანზე თხელ ფენად 1-3-ჯერ დღეში. გამოიყენება დერმატოზის დროს.
2. 150 გ ვაზელინგის ზეთს მიიყვანენ ადუღებამდე, შემდეგ შიგ გაადგობენ 40-50 გ ცვილს და 70 გ დინდგელს. გაცხელებულ მასას 30-40 წუთის განმავლობაში უმატებენ 500 გ კარაქს. მაზი ამ შემთხვევაშიც დერმატოზით დაავადებულთათვის გამოიყენება, თხელ ფენად დაზიანებულ უბანზე მოთავსებით დღეში 1-3-ჯერ.

დინდგელის გამოყენება კოჟრის (მაზოლის) მოსაცილებლად

მოვამზადებთ სოდიან ცხელ აბაზანას და 30 წუთის განმავლობაში მოვათავსებთ შიგ კიდურს. შემდეგ შევიმშრალებთ და კოჟრზე დავაწებებთ მუხულოს მარცვლის ოდენა გაბრტყელებულ დინდგელს, დავამაგრებთ ლეიკოპლასტირით ან დოლბანდით, 3 დღის შემდეგ მოვაცილებთ დინდგელს და კოჟრს მოვიჭრით.

გრიპის და ანგინის დროს

მუხუდოს მარცვლის ოდენა დინდგელს წუწნიან და ღეჭავენ, ძილის წინ კი საღეჭ კბილზე მიაწებებენ და ღამის განმავლობაში იტოვებენ პირის ღრუში.

კბილის ტკივილის დროს

მტკივანა კბილს ღრძილის არეში აწებებენ დინდგელს და ტკივილი თანდათანობით ქრება.

ფურუნკულების დროს

ლეიკოპლასტირის ქვეშ თხელი ფირფიტის სახით აფენენ დინდგელის ნედლ მასალას და გაკურნება მიიღება 3-5 ან 9-12 დღეში.

კანის სოკოვანი დაავადების დროს

დინდგელი წარმატებით გამოიყენება განსაკუთრებით ბავშვებში. დინდგელის ფირფიტას ნახვევის ქვეშ აფენენ 5 დღით, დინდგელის მაზს კი კომპრესის ქაღალდის ქვეშ 1 დღით.
ალერგიის შემთხვევაში გამოიყენება უნდა შევწყვიტოთ და დაზიანებული ადგილები მოვიბანოთ საპნით.

დინდგელის მაზის მომზადება და გამოყენება დამვწრობის დროს

1. ვიღებთ 100 გ ვაზელინს, ვათავსებთ ემალირებულ ჭურჭელში, მივიყვანთ ადუღებამდე და გადმოვდგამთ, გავაგრილებთ 50-60°c-მდე და დავუმატებთ 5 გ დაფქვილ დინდგელს. ნარევს გავაცხელებთ 70-80°c კარგად დახურულ ჭურჭელში. მიღებულ შენაერთს გავფილტრავთ ცხელ მდგომარეობაში. დოლბანდის ქვეშ, დავაფასოვებთ ფლაკონებში და შევინახავთ გრილ, ბნელ ადგილზე.
ამავე მეთოდით 5% დინდგელის მალამო შეიძლება მოვამზადოთ სხვა ცხიმებზეც, ლანოლინზე, სალაზე და სხვა 10%-იანი მაზი უკეთეს შედეგს იძლევა.
2. ზეთზე დინდგელის მალამოს შემდეგნაირად ამზადებენ.
ზეთს მიიყვანენ ადუღებამდე, შიგ ჩაყრიან რამდენი %-იანიც უნდათ იმდენ დინდგელს, კარგად მოურევენ, კიდევ მიიყვანენ ადუღებამდე, მოტივტივე ნაწილს მოაცილებენ, მიღებულ მასას გაფილტრავენ დოლბანდის ქვეშ მინის ჭურჭელში და გაგრილებისას დაუმატებენ სხვა სამკურნალო საშუალებას—ანესთეზინს, დიმედროლს და სხვა. შანეხვის დროს მაზი ფენებად ლაგდება, ამიტომ საჭიროა მოურიოთ.
მალამო გამოიყენება II და III ხარისხის დამწვრობის დროს და სხვა ჭრილობების დროსაც.
დამწვრობის დროს 1-1,5 კვირაში დინდგელია მალამოწასმული საფენის დადებით მომდინარეობს დამწვარ ზედაპირზე ეპითელიზაცია. მესამე ხარისხის დამწვრობის დროს საჭიროა მეორეჯერ გავასუფთავოთ, ნეკროზირებული ქსოვილი მოვაცილოთ და მეორეჯერ დავაფინოთ მაზწასმული საფენი. ჭრილობის შეხორცება 2,5-3 კვირაში ხდება.

დინდგელიანი სანთლები პროსტატის დროს

სანთლები, რომლებიც შეიცავენ 0,1 გ პროპოლისს და 2 გ კაკაოს ქონს, სწორ ნაწლავში შეიტანება 2-3 ჯერ დღე-ღამეში. კურსი გრძელდება 2 თვის განმავლობაში. 1 თვის შესვენების შემდეგ მეორდება.

თანამედროვე პირობებში სხვადსხვა ქვეყნის ფარმაცევტული ქარხნები უშვებენ დინდგელზე მომზადებულ პრეპარატებს, რომელთა გამოყენება უნდა მოხდეს დანიშნულებისამებრ თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.

 

ფუტკრის რძე 

ფუტკრის რძე წარმოადგენს ნახევრად თხევად, გაუმჭირვალე, მაწვნისმაგვარ ღია მოყვითალო ფერის ნივთიერებას, რომლის ქიმიური შემადგენლობა ძალზე რთულია. იგი 130-ზე მეტი ორგანული ნაერთებისაგან შედგება.
ფუტკრის რძის მიღების წინა პირობაა ფუტკრის ოჯახის მიერ დედის გამოყვანა. ოჯახის დაობლების შემდეგ სამუშე ლავრა (ჭუპრი) უნდა გარდაიქმნას სადედე ლავრად. ამ შემთხვევაში სამუშე ლავრიან უჯრას ფუტკრები რძით გაავსებენ და ეს საკვები, ხდება მიზეზი, იმისა, რომ მუშა  ფიტკრის მაგივრად (ცოცხლობს 3-5 თვე) მიიღება დედა ფუტკარი. (ცოცხლობს 5-7 წელი). სწორედ ამ უჯრედებიდან, დედა ფუტკრის გამოჩეკვამდე, ხდება ფუტკრის რძის შეგროვება მეფუტკრის მიერ.
მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის „აპიმონდიას“ მიერ დადგენილ იქნა რომ: „არც ბიოლოგიაში და არც მედიცინაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს ისეთი ეფექტური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ცოცხალი ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად და აგრეთვე გამრავლების სტიმულირებისათვის, როგორიც არის ფუტკრის რძე“.

ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებების ბიოლოგიური საფუძველი
გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ადამიანის სხეულში ფუტკრის რძე ანახლებს სისხლს. კერძოდ, ადამიანის სისხლის ჰემოგლობინის რაოდენობა იზრდება და ხდება მისი განახლება. ჰემოგლობინი არის სისხლის ის ნაწილაკები, რომლებსაც გადააქვს ჟანგბადი სასუნთქი ორგანოებიდან ქსოვილებამდე და ქსოვილებიდან გადააქვს ნახშირორჟანგის გაზი სასუნთქ ორგანოებამდე. ჰემოგლობინის განახლება აუცილებელია, რაგდან ორთოგენეზის პროცესში ის განიცდის გადაგვარებას და მას აღარ შეუძლია შეასრულოს ჟანგბადის გადატანა. გარდა ჰემოგლობინის განახლებისა ფუტკრის რძე წმინდავს სისხლს ქოლესტერინისაგან ეს იწვევს სისხლძარღვების და კაპილარების გასუფთავებას, რაც ხელს უშლის უჯრედების დაღუპვას და ნაოჭების წარმოქმნას.

ფუტკრის რძის ფარმაკოლოგიური  მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
ძალზე სასარგებლოა ვიცოდეთ რა ფარმაკოლოგიურ მოქმედებას ახდენს ფუტკ-რის რძე, რომელიც ცნობილია თანამედროვე მედიცინისათვის. ნატურალური ფუტკრის რძე:
აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, ახდენს შიგა სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის სტიმულირებას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ხელს უშლის ყოველგვარი სიმსივნეების წარმოქმნას, ანთებითი პროცესების წარმოქმნას.
ამცირებს შაქრების დონეს სისხლში, ორგანიზმზე ახდენს ბაქტერიოციდულ და ანტივირუსულ ზემოქმედებას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ ფუნქციას, ახდენს სისხლის არტერიული წნევის რეგულირებას _ ამცირებს მაღალ და ადიდებს დაბალ წნევას, ასუსტებს რადიოაქტიური გამოსხივების შედეგად მიღებულ მავნე ზემოქმედებას, აჩქარებს ორგანიზმიდან მავნე შხამების გამოდვნას, ახდენს ანტისპაზმურ ზემოქმედებას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, აჩქარებს ბავშვების ზრდის პროცესს და სხა.

ფუტკრის რძე გამოიყენება შემდეგ  
დაავადებათა სამკურნალოდ:
იმუნიტეტის ასამაღლებლად, ანემია, არითმია, უშვილობა, გინეკოლოგიური დაავადებანი, მენსტრუაციული ფუნქციის დარღვევები, კლიმაქსური სინდრომი, იმპოტენცია, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ქრონიკული პროსტატიტი, გლაუკომა, კატარაქტა, კონიუნქტივიტი, მიკრობული კერატიტი, ბლეფარიტი, თვალის წნევის დროს, პარიდონტოზი, გულის ასთმა, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადებანი, მიკროკარდიის დისტროფია, ჰიპერტონია, ავიტამინოზი, გასტრიტი, შეკრულობა და ფაღარათი, ენტერიტი, კოლიტი, ღვიძლის ანთება და მისი ცეროზი, ნაღვლის ბუშტის კენჭები, კუჭისა და მისი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ბუასილი, ზედმეტი სიგამხდრე ან სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა, დეპრესიები, ნერვასთენია და ისტერია, შიზოფრენია, ეპილეფსია, ქორეა, ალკოჰოლიზმი, ჰიპერტონია, რადიკულიტი, რევმატიზმი, სინუსიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი, თმის ცვენა, დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, დამწვრობა, ჭრილობა, სტომატიტი და სხვა.

ფუტკრის რძის მიღემის  
პროფილაქტიკური დოზის შესახებ:
იგი მიიღება უზმოზე ჭამამდე 30 წთ. ადრე ენის ქვეშ მოთავსებით, როგორც საწუწნი პროფილაქტიკური საშუალებები (სეპტრონი, ვალიდოლი) უნდა გავაჩეროთ 5-10 წთ.რათა მოხდეს მისი შეწოვა ლორწოვანი გარსის მეშვეობით. 20-25 წთ. შემდეგ იგი სისხლში ფიქსირდება.
პროფილაქტიკის მიზნით ფუტკრის რძე მიიღება 4-6 კვირიანი კურსებით. შემდეგ კეთდება ერთკვირიანი შესვენება. წლის განმავლობაში სასურველია გავიმეოროთ 3-4 კურსი, განსაკუთრებით ეფექტურია გაციების მაღალი ალბათობის შემთხვევაში.
ნატურალური ფუტკრის რძის პროფილაქტიკური დღიური ნორმა ზრდასრულთათვის 0,25-0,5 გრამია, ხოლო 16 წლამდე მოზრდილებისათვის 0,1-0,15 გრ. ან 0,25 მილიგრამი ყოველ კილოგრამ ცოცხალ წონაზე.
შაქრიანი დიაბეტის დროს _ 0,25 გრ. ფუტკრის რძე ჭამამდე 30 წთ. ადრე 2-ჯერ დღეში, ენის ქვეშ, 6 თვის განმავლობაში.
უშვილობის დროს _ 0,25-0,5 გრ. ნატურალური ფუტკრის რძე ჭამამდე 30 წთ. ადრე 2-ჯერ დრეში 2 თვის განმავლობაში, ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება.
გულსისხლ _ ძარღვთა სისტემის დაავადების (სტენოკარდიიდ, ინფაქტის, ათეროსკლეროზის დროს მიიღეთ თაფლის 1%-იანი ნარევი 2 სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში 1-2 თვის განმავლობაში. ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება.)
შეზოფრენიის და ნერვოზების დროს მიიღეთ თაფლის 1%-იანი ნარევი 2 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კუჭნაწლავის დაავადების დროს მიიღეთ თაფლის 2%-იანი ნარევი 2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში 2 თვის განმავლობაში. რეკომენდირებულია დაიცვათ დიეტა.

შენახვის პირობები და უკუჩვენება
მტკიცდება რომ რძე უნდა მივიღოთ ნატურალური სახით, ამჟამად გამომშრალი რძის ფხვნილის ან ტაბლეტის სახით დამზადება უარყოფილია. იგი ადვილად ფუჭებადი პროდუქტია, მას ინახავენ მაცივარში 2-6°c-მდე. ჰერმეტულად თავდახურულ მცირე ზომის მიუნის ჭურჭელში, ან ერთჯერად შპრიცში.
დაიმახსოვრეთ!
ფუტკრის რძის მიღება არ  არის რეკომენდირებული ადისონის სენით დაავადებულთათვის, (ეს არის თირკმელზედა ჯირკვლების დაავადება) მწვავე ინფექციის და ალერგიით სნეულების შემთხვევაში.

 

 

 

ქუთაის-გაენათის ეპარქიაში არსებული მეფუტკრეობის     
 სამმართველო, ფუტკრის პროდუქტების ხარისხის
მყარი გარანტია.

გისურვებთ ჯანმრთელობას,
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

 

სამმართველოს უფროსი
ზაზა კლდიაშვილი.

ჩვენი რეკვიზიტებია:
მის.: ქ. ქუთაისი, ვარლამიშვილის ქ №27
მაღაზია: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი (ხარისხის სახლის შენობაში)

ტელ:8 (231) 7-69-93:       მობ: 893-90-88-02.
ელ. ფოსტა.  zaza1010@posta.ge