საქართველოს                   საპატრიარქო
ქუთაის-გაენათის ეპარქია

საქართველოს ეკლესიის ისტორია




  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია — ერთ-ერთი უძველესი ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. ეკლესიის სამოქმედო ტერიტორიაა ძირითადად საქართველო, თუმცა ეპარქიები აქვს სხვა ქვეყნებშიც. I საუკუნეში ქართველმა ებრაელებმა საქართველოში ჩამოიტანეს ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანესი რელიკვია უფლის კვართი, რომელიც დამარხულია მცხეთაში, ძელიცხოვლის ძირში. ებრაული თემი საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. VII საუკუნიდან არსებობდა და მას ისტორიულ სამშობლოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. ამან ხელი შეუწყო ქართველი ხალხის კავშირს ქრისტიანობასთან. საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანობა იქადაგეს: ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა,მატათამ, ბართლომე და თადეოზ მოციქულებმა. სვიმონ კანანელი აღესრულა და დაკრძალულია ახალ ათონში, ხოლო მატათა გონიოში. ქართლის ცხოვრების მიხედვით ქართველი ხალხი მაცხოვარმა ღვთისმშობელს ჩააბარა, ამიტომ საქართველოში 17 მაისს აღინიშნება ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაული.
  ლეონტი მროველის თანახმად ქრისტიანობასა და სახარებას იცნობდა იბერიის მე-19 მეფე რევ I მართალი. 325 წელს გამართულ ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე მონაწილეობდნენ ტრაპიზონის ეპისკოპოსი დამნუსი და ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილოსი, რაც მიანიშნებს, რომ ბერძნული ახალშენების გავლენით დასავლეთ საქართველოში IV საუკუნეში გავრცელებული იყო ქრისტიანობა. იბერიის სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა 326 წელს. მისი გაქრისტიანება უკავშირდება წმინდა ნინოს მოღვაწეობას. სწორედ მან მოაქცია იბერიის მეფე მირიან III და დედოფალი ნანა. მირიანის თხოვნით რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა იბერიაში მიავლინა ეპისკოპოსი იოანე, ორი მღვდელი და სამი დიაკვანი, რომლებმაც აკურთხეს მცხეთაში აშენებული ეკლესია და ხალხისათვის შეასრულეს ნათლისღების საიდუმლო.
   მცხეთის ეპისკოპოსი V საუკუნემდე მთავარეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა და იერარქიულად ანტიოქიის ეკლესიას ექვემდებარებოდა. V საუკუნის 60-70-იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის მეთაურობით იბერია გათავისუფლდა სასანიდური ირანისგან და ეკლესიური დამოუკიდებლობაც მოიპოვა. 484 წელს ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა, ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში. ქართლის საკათალიკოსოს სათავეში ჩაუდგა ბიზანტიიდან მოწვეული პეტრე I. შეიქმნა თორმეტი ეპარქია, ეკლესიამ შეიძინა სრული იერარქიული სტრუქტურა. ეკლესიის დამოუკიდებლობლობას და საეპისკოპოსოების დაარსებას მოჰყვა საეკლესიო კათედრალური ტაძრების მშენებლობა, ამ პერიოდში აშენდა ბოლნისისა, მანგლისისა და ურბნისის სიონები. დაიბადა ორიგინალური ქართული სასულიერო მწერლობა. V საუკუნისაა ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები „შუშანიკის წამება“. ქართველი სასულიერო პირები V საუკუნიდანვე გამოჩნდნენ საერთაშორისო ასპარეზზე. ინტენსიური გახდა ქართველების პილიგრიმობა წმინდა მიწისკენ. ქართველმა ეპისკოპოსმა პეტრე იბერმა თანამოაზრე იოანე ლაზთან ერთად დააარსა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. ამ დროისთვის ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი იყო ბიბლია და ლიტურგიისთვის აუცილებელი ლიტერატურა.
   VI საუკუნის დამდეგისთვის ეკლესიაში ეპისკოპოსთა რიცხვი 33-ს შეადგენდა, VII საუკუნის დამდეგს კი 35-ს. VI საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვიდა 13 ასურელი მამა. მათ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნეს მონასტრების ქსელი და საფუძველი ჩაუყარეს მონასტრულ ცხოვრებას. ასურელი მამების მოღვაწეობას მოჰყვა იბერიაში ბერ-მონაზვნობის აღორძინება. VIII საუკუნეში არაბების შემოსევის დროს საქართველოს ეკლესიამ ძლიერი დევნა განიცადა. ამ პერიოდში აწამეს წმ.აბო თბილელი, წმ.კონსტანტი კახი, წმ.გობრონ-მიქაელი.
   IX საუკუნიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქართველთა სამეფოში დაარსებული მონასტრები ხანძთა, შატბერდი და სხვები. საქართველოსა და უცხოეთის ქართულ მონასტრებში სკრიპტორიუმების ჩამოყალიბებამ საფუძველი დაუდო ხელნაწერი წიგნების გაფორმების და კალიგრაფიის ხელოვნებას. იმ პერიოდის ჩვენამდე მოღწეული ნიმუშებია ადიშისა და ჯრუჭის ოთხთავები. X საუკუნეში დაიწყო ბრძოლა საქართველოს ერთიანი სამეფოს ფორმირებისთვის. ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა საქართველოს გაერთიანების ფორმულა, რომ საქართველოა ყველგან, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად აღესრულება. შეიქმნა ისტორიული თხზულება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, რომელიც ასახავს საქართველოს ისტორიას დასაბამიდან VII საუკუნემდე. იქმნებოდა, ითარგმნებოდა ლიტურგიკულ-დოგმატურ-პოლემიკური თხზულებები. სინას, ათონის, შავი მთების, პეტრიწონის და იერუსალიმის მონასტრები აკავშირებდნენ საქართველოს ეკლესიას მთელ სამყაროსთან. იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელების, ეფრემ მცირის, იოანე ზოსიმეს და სხვათა დამსახურებით ქართულად ითარგმნებოდა ქრისტიანული აზროვნების თითქმის ყველა მიღწევა. X საუკუნეში ქართულ ენაზე არსებობდა ორიგინალური კრებული მცირე სჯულისკანონი, რომელიც შეადგინა ექვთიმე მთაწმინდელმა. მოგვიანებით არსენ იყალთოელმა თარგმნა „დიდი სჯულისკანონი“, რომელიც დღემდე საქართველოს ეკლესიის მართვის ძირითადი კანონია.
   1010 წელს მცხეთის კათოლიკოსმა მიიღო პატრიარქის ტიტული. მასვე დაექვემდებარა აფხაზეთის საკათალიკოსო. XI საუკუნეში კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I იწოდებოდა აღმოსავლეთის პატრიარქადაც. ეკლესიის წიაღში გაჩნდა ტერმინი „საქართველო“, რომელიც პირველად 1105 წელს რუის-ურბნისის კრების აქტში იქნა გამოყენებული. საქართველოს ეკლესია ბიზანტიის იმპერიაში გზავნიდა ყმაწვილებს საეკლესიო განათლების მისაღებად. მანგანის აკადემიაში მიიღეს განათლება იოანე პეტრიწმა და არსენ იყალთოელმა. ამან საფუძველი მოუმზადა იყალთოსა და გელათის აკადემიების დაარსებას. გელათის აკადემია „მეორე იერუსალიმად“ და „სხვა ათინად“ იწოდებოდა. შეიქმნა ქართული კათედრალური არქიტექტურის შედევრები ბაგრატის ტაძარი, სვეტიცხოველი, ალავერდი, სამთავისი. ამ პერიოდში საქართველოს ეკლესიის ძლიერებამ ზენიტს მიაღწია, XIII საუკუნეში კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ II დიპტიქში მე-6 ადგილზე იხსენიებოდა.
   XV საუკუნის II ნახევარში საქართველოს სამეფო რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულად დაიშალა. საქართველოს ეკლესიას გამოეყო აფხაზეთის საკათალიკოსო, რომლის მწყემსმთავარი იწოდა აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქად. XVI საუკუნის შუა წლებში აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი იძულებული გახდა ოსმალეთის იმპერიის შემოსევების გამო ბიჭვინთიდან გელათში გადასულიყო. მალე საქართველოს ეკლესიამ დაკარგა სამცხე-საათაბაგოს მრევლი, რადგან ეს მხარეც ოსმალეთის იმპერიაში მოექცა.
  შესუსტდა ქართველების პოზიციები იერუსალიმში, სინასა და ათონის მთაზე. შემოსევების შედეგად დაინგრა ეკლესები, ქვეყნიდან გაზიდულ იქნა საეკლესიო ნივთები და ქონება. გაჩნდნენ ახალი მოწამეები: ლუარსაბ II, ქეთევან დედოფალი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზაბარ ერისთავები. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ საქართველოს ეკლესია აღმოჩნდა ისლამის გარემოცვაში. მართალია, კვლავ შენდებოდა ეკლესიები, იხატებოდა ტაძრები, ცოცხალი იყო ოქრომჭედლობა, მაგრამ ყველა ამ ხელოვნებას დაეტყო დაღმასვლა და დაქვეითება. XVIII საუკუნეში წმ.ანთიმოზ ივერიელის ხელშეწყობით ქართულ სტამბაში იბეჭდებოდა საეკლესიო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი წიგნები. ვახტანგისვე შექმნილმა სწავლულ კაცთა კომისიამ შესწავლა საქართველოს ეკლესიის ისტორია, დააზუსტა ცნობები ზოგიერთი სასულიერო მოღვაწის შესახებ. საეკლესიო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა კათოლიკოსმა ანტონ I-მა. მისი მოღვაწეობის შედეგად განახლდა სამონასტრო ცხოვრება, გაიხსნა საეკლესიო სკოლები, თბილისის და თელავის სემინარიები. ანტონი თარგმინდა და თავად ქმნიდა სახელმძღვანელოებს, შექმნა ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული კრებულები.
  1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრად გამოცხადდა. 1811 წელს გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალია და ის ჩამოყალიბდა, როგორც რუსეთის ეკლესიის საეგზარქოსო. ეგზარქოსად დაინიშნა ეპისკოპოსი ვარლამი. ეპარქიების რიცხვი შემცირდა ორამდე: მცხეთა-ქართლისა და ალავერდ-კახეთისა. ეკლესიის ქონება ხაზინას გადაეცა. უფრო მტკივნეულად წარიმართა აფხაზეთის საკათალიკოსოს გაუქმების პროცესი. ის გაუქმდა 1814 წლის 17 ოქქტომბერს და მის ნაცვლად შეიქმნა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა. საკათალიკოსოს გაუქმებას თან ახლდა გლეხებისთვის საეკლესიო გადასახადების გაზრდა, რამაც გამოიწვია 1819-1820 წლების აჯანყება იმერეთსა და გურიაში. 1820 წელს აჯანყების მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს და გადაასახლეს დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გენათელი. საქართველოს საეგზარქოსომ 18 ეგზარქოსი გამოიცვალა. ვარლამის შემდეგ ამ თანამდებობაზე მხოლოდ ეთნიკურად რუსები ინიშნებოდნენ. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი. ჩუდეცკის დაკრძალვის დღეს ეგზარქოსმა პავლემ დაწყევლა მკვლელი და საზოგადოება, რომელმაც ის წარმოშვა. პროტესტი ყველაზე მკაფიოდ დიმიტრი ყიფიანმა გამოხატა და საჯაროდ, პრესის მეშვეობით მოითხოვა ეგზარქოსისგან საქართველოს დატოვება. ეგზარქოსმა პავლემ წერილითვე უარყო წყველის წარმოთქმა, ხოლო დიმიტრი ყიფიანის მიმართ ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები გაატარა, თანამდებობიდან გადააყენა და სტავროპოლის მხარეში გადაასახლა, სადაც ის მოკლეს.
   1906-1907 წლებში რუსეთის ეკლესიის სინოდში გაიმართა წინასწარი თათბირები, სადაც მოისმინეს ეპისკოპოსების კირიონის, ლეონიდეს, ექვთიმეს, პროფესორების ალექსანდრე ცაგარელის, ალექსანდრე ხახანაშვილის და ნიკო მარის მოხსენებები. რუსების მხრიდან ავტოკეფალიის წინააღმდეგ გამოვიდნენ პროფესორები გლობუკოვსკი და ოსტროუმოვი, დეკანოზები ვოსტორგოვი და ბუტკევიჩი. პროფესორებმა სოკოლოვმა, ზაოზერსკიმ და დურნოვომ მხარი დაუჭირეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. დებატები კონსტრუქციულ კალაპოტში მიმდინარეობდა, მაგრამ სინოდმა პირობა არ შეასრულა და კრება აღარ მოიწვია. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი. მკვლელი ვერ დაიჭირეს. ეჭვი მიტანილ იქნა ეპისკოპოს კირიონზე, რომელიც დააპატიმრეს, სასულიერო ხარისხი ჩამოართვეს და გადაასახლეს, არქიმანდრიტ ამბროსიზე, რომელიც 1910 წელს გაამართლეს და მღვდელ ნიკოლოზ ნამორაძეზე, რომელიც გაიქცა, თავი სტამბულის ქართველ კათოლიკეთა მონასტერს შეაფარა და საქართველოში მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. ნიკონის მკვლელობამ ქართული სამღვდელოების დევნა და შევიწროება გამოიწვია.
   1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. დროებით კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე. კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ეპისკოპოსი კირიონი კირიონ II-ის სახელწოდებით. 1917 წლისთვის საქართველოში იყო 1130 მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 2609 მღვდელი, 227 მთავარდიაკონი, 1606 დიაკონი, 29 მამათა მონასტერი 1188 ბერით, 6 დედათა მონასტერი 280 მონაზვნით. კირიონ II-მ ეკლესიამ ეპისტოლეები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქებს და მათ ძველი კავშირ-ურთიერთობათა აღდგენა სთხოვა. 1918 წლის 27 ივნისს კირიონი მოკლული იპოვეს მარტყოფის რეზიდენციაში. შემთხვევა გამოუძიებელი დარჩა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რელიგიასთან მიმართებაში სეკულარიზმის კურსი აირჩია. 1918 წლის ნოემბერს ეკლესიას გამოეყო სკოლები, 1920 წელს კი სახელმწიფო და ეკლესია სრულიად განცალკევდა, რაც მოგვიანებით აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში. სახელმწიფომ ეკლესიას ჩამოართვა მიწები და ქონება, რამაც ეკლესია ეკონომიკური სიძნელეების წინაშე დაყენა. 1920 წლის 27 ივნისს თბილისში შედგა მეორე საეკლესიო კრება. კრებამ განიხილა ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის, სასულიერო სასწავლებლების განათლების სამინისტროსათვის გადაცემის, ეკლესიის ბიუჯეტის, მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაერთიანების საკითხები. კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე არჩევნების გარეშე დაამტკიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ თბილისში უკიდურესად მძიმე ვითარება შეიქმნა, სასმელი წყალი კი არ იშოვებოდა და ხალხი წყალს მტკვრიდან ეზიდებოდა. ლეონიდემ უარი განაცხადა წყაროებიდან მოტანილ წყალზე, მტკვრის წყლის დალევის გამო ეპიდემია შეეყარა და 1921 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა.
   1921 წელს 1-5 სექტემბერს გელათში შედგა მესამე საეკლესიო კრება. კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი. ამავე კრებამ ევროპაში სასულიერო განათლების მისაღებად გაგზავნა გრიგოლ ფერაძე. 1921 წლიდან მათი კატასტროფულად შემცირდა ეკლესია-მონასტრების რაოდენობა. ბოლშევიკური ხელისუფლება ეკლესია-მონასტრებიდან დაურიდებლად ეზიდებოდნენ საეკლესიო ქონებას, ანადგურებდნენ ხატებსა და საღვთისმსახურო წიგნებს. პატრიარქმა ამბროსიმ დასახმარებლად საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. 1922 წელს მან გენუის კონფერენციას გაუზავნა მემორანდუმი. კათოლიკოსი მოითხოვდა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას. მემორანდუმს ხელს აწერდნენ საკათალიკოსო საბჭოს წევრები: მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზები კალისტრატე და ანტონი, იოსებ მირიანაშვილი, დიმიტრი ლაზარიშვილი, პავლე ქავთარაძე, ნიკოლოზ არჯევანიძე და ნიკოლოზ თავდგირიძე. 1923 წელს დააპატიმრეს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს ყველა წევრი. ამბროსის დაპატიმრების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ სცადა საეკლესიო კანონმდებლობის უხეში დარღვევით კათოლიკოს-პატრიარქად მისთვის სასურველი პიროვნება დაემტკიცებინა, მაგრამ მრევლმა და სამღვდელოებამ ცრუ პატრიარქს სიონის ტაძარში შესვლის უფლება არ მისცა. სასამართლომ ამბროსისა და სხვა ბრალდებულებს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის მეტეხის ციხეში ჩასვეს. საპატრიარქო საბჭოს სხვა წევრები კიდევ უფრო მკაცრად დაისაჯნენ. ვითარება კიდევ უფრო დაძაბა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ, ასევე ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარის მიერ სვირის ეკლესიის კურთხევამ. 1924 წლის 2 აგვისტოს ნაზარი და დეკანოზები გერმანე ჯაჯანიძე და იეროთეოზ ნიკოლაძე, ასევე მღვდელი სიმონ მჭედლიძე დააპატიმრეს ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით. 28 აგვისტოს საგანგებო სამეულის განაჩენით სამივე მათგანი სიკვდილით დასაჯეს ქუთაისის მახლობლად, საფიჩხიის ტყეში. მრავალი ეკლესია დაანგრიეს და მათ ადგილას სახელმწიფო ორგანოების შენობები, სკოლები და კლუბები ააშენეს. 1925 წლის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, რომლის ჯანმრთელობა ძალიან იყო შერყეული და საკათალიკოსო საბჭოს სხვა წევრები ამნისტიით გაათავისუფლეს. 1927 წლის 27 მარტს გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი. რეპრესიების შიშის მიუხედავად მის დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო.
   მეოთხე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1927 წელს 21-27 ივნისს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე III. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ქრისტეფორე III-ის დროს შეინარჩუნა რვა ეპარქია: ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის, ქუთაის-გაენათის, ცხუმ-აფხაზეთის, წილკნის, ჭყონდიდისა და მცხეთა-თბილისის. 1929 წლის 8 ივლისს შედგა მეხუთე საეკლესიო კრება. საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბრძოლა ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგ. 1929 წელს შეიქმნა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი”, მაზრებში კი „უღმერთოთა უჯრედები”. უღმერთოთა კავშირი სამაზრო უჯრედებს სთხოვდა ყოველთვიურად წარმოედგინათ ინფორმაცია, თუ რამდენი ეკლესია დახურეს თავიანთ მაზრებში. თბილისში საქართველოს საპატრიარქოს ჩამოართვეს და დაანგრიეს სამხედრო ტაძარი, დახურეს ანჩისხატი, გელათი, ალავერდი. საქართველოს საპატრიარქო რეზიდენცია მიითვისეს, საპატრიარქო ქონების ნაწილი დაიტაცეს, ნაწილი გადაყარეს. 1932 წელს გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III. 1932 წელს 21-22 ივნისს მეექვსე საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს მიტროპოლიტი კალისტრატე. 1934 წლის 31 მაისს შედგა მეშვიდე საეკლესიო კრება. საკათალიკოსო საბჭოს ნაცვლად შეიქმნა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი, რომლის წევრები მხოლოდ სასულიერო პირები უნდა ყოფილიყვნენ. ამ დროისთვის მართლმადიდებელ სამრევლოთა რიცხვი 15-მდე იყო შემცირებული. პატრიარქ კალისტრატეს დიდი მცდელობის შედეგად, მოწამეთას ეკლესიიდან გადასვენებული წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ნეშტები ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან კვლავ მოწამეთაში დააბრუნეს. კათოლიკოსმა გელათის მონასტრის ამოქმედებაც სცადა თუმცა უშედეგოდ. კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მცდელობით 1943 წლის 28 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა რუსეთის პატრიარქ სერგის მიერ ოფიციალურად წარგზავნილი სტავროპოლისა და პიატიგორსკის მთავარეპისკოპოსი ანტონი. მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ პირველად ოფიციალურად და ფორმალურ-კანონიკურად ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ამის შესახებ აცნობა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ მწყემსმთავრებს, რითაც ქართულ ეკლესიას გზა გაეხსნა მსოფლიოს სხვა საპატრიარქოებთან ურთიერთობისთვისაც. 1945 წლისთვის მოქმედი ტაძრების რიცხვი 29-მდე გაიზარდა. 1952 წელს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გარდაიცვალა.
   მეცხრე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1952 წელს, 5 აპრილს. კათოლიკოს-პატრიარქად ურბნელი მიტროპოოლიტი მელქისედეკ III (ფხალაძე) აირჩიეს. კათოლიკოს მელქისედეკის დროს, განსაკუთრებით სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როცა პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარი ლიბერალიზაცია დაიწყო, შესაძლებელი გახდა ზოგიერთი გაუქმებული ეკლესიის აღდგენა. მოქმედი გახდა მოწამეთა, ბოდბე, ფოთის ეკლესია. ახალი ეკლესია აიგო ხაშურში. მელქისედეკ III ზრუნავდა ქართული საეკლესიო გალობის აღორძინებაზე. კათოლიკოს მელქისედეკის დროს საქართველოს ეკლესიის სინოდში ხუთი მღვდელმთავარი იყო. 1962 წლისათვის საქართველოში მოქმედი იყო 45 ეკლესია, რომელსაც 100-მდე ღვთისმსახური ჰყავდა.1960 წელს გარდაიცვალა პატრიარქი მელქისედეკ III. მეათე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1960 წლის 20 თებერვალს. კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ჭყონდიდელ-ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი ეფრემ II. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პირველი გამოშვების კურსმოსმენილი. მღვდელმთავრობის დროს საბჭოური რეპრესიები მასაც შეეხო - 1937-1944 წლებში იმყოფებოდა გადასახლებაში. კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ 1963 წლის 26 აგვისტოს ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილ-ღუდუშაური) ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში განაწესა. პატრიარქის დიდი მცდელობის შედეგად 1963 წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში გაიხსნა ორწლიანი სამოძღვრო კურსები, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსის სახელს ატარებდა. კურსების პირველ რექტორად დაინიშნა ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი. რამდენიმე წლის შემდეგ ორწლიანი სამოძღვრო კურსები გადაკეთდა სამწლიან მცხეთის სასულიერო სემინარიად, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელს. საბჭოური სისტემის პირობებში, როცა ეკლესიას ყოველმხრივ ავიწროებდნენ, მაქსიმუმის გაკეთება შეძლო. იგი 1972 წელს გარდაიცვალა. მეთერთმეტე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1972 წლის 2 ივლისს, რომელსაც ესწრებოდა 58 დელეგატი. კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ურბნელი მიტროპოლიტი დავით V დევდარიანი. ფორმალურად მოქმედი 15 ეპარქიიდან პრაქტიკულად მოქმედი იყო 4, რომელსაც თავისი მღვდელმთავრები ჰყავდა. ბოდბელი ეპისკოპოსი წინამძღვრად იყო თბილისის სამების ეკლესიაში, მანგლელი - დიდუბის ეკლესიაში, თეთრიწყაროელი - თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში. კათოლიკოს-პატრიარქი დავითი გარდაიცვალა 1977 წელს.
   მეთორთმეტე საეკლესიო კრება შედგა თბილისში, 1977 წლის 23 დეკემბერს, რომელსაც 47 დელეგატი ესწრებოდა. კრებას ასევე ესწრებოდნენ უცხოეთის ეკლესიათა წარმომადგენლები, სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ბულგარეთის ეკლესიიდან — არქიმანდრიტი ნაუმი, ალექსანდრიიდან — არქიმანდრიტი გრიგორიოსი. კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი) ილია II-ის სახელით. 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა ახლადარჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრება. უწმინდესმა და უნეტარესმა სვეტიცხოველში წარმოთქმულ სიტყვაში განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის მომავალი, სამოქმედო გეგმა და დასძინა: „მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.“ პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეკლესიებში წირვა-ლოცვის სრულყოფილად ჩატარების პრობლემებს, მგლობელთა გუნდები შეივსო პერსპექტიული ახალგაზრდებით, წირვა-ლოცვების დროს დიდი ყურადღება დაეთმო საეკლესიო ქადაგებებს, რომელთა თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ქართველი ერის ცხოვრების ყველა სფეროს. 1988 წელს გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია, ხოლო 1990 წელს გელათის აკადემია. ითარგმნა ბიბლია, დაიწყო ეკლესიის მამათა შრომების თანამედროვე ქართულ ენაზე გამოცემა, გამოიცა ლიტურგიკული და საღვთისმეტყველო წიგნები, გაიხსნა დაკეტილი ეკლესია-მონასტრები. თუ საქართველოს ეკლესიის 15 ეპარქიიდან, წინათ, პრაქტიკულად, 4 ეპარქიას ჰყავდა თავისი მღვდელმთავარი, 1992 წლიდან ყველა ეპარქიას ჰყავდა მმართველი მმართველი ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი. 1990 წლის 3 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია დაადასტურა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ. მსოფლიო საქრისტიანომ ქრისტეს დაბადებიდან 2000 წელი განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნა. იერუსალიმის საპატრიარქოს მიწვევით ისრაელში ჩავიდნენ მართლმადიდებელი ქვეყნების სახელმწიფო და საეკლესიო მეთაურები. იერუსალიმში იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც.
   2002 წელს საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შედგა კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმება 2004 წელს თბილისში იკურთხა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. 2008 წლის აგვისტომის ომის შემდეგ 15 აგვისტოს ილია II სასულიერო პირებთან ერთად გორში იმყოფებოდა, შემდეგ ზემო ნიქოზს ეწვია. იგი ამხნევებდა მოსახლეობას და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მან კონფლიქტის ზონიდან ოთხი დაჭრილი გამოიყვანა და ექვსი გარდაცვლილის გადმოსვენება მოახერხა. 2010 წლიდან ტიტულატურაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. 21 დეკემბრის წმიდა სინოდის განჩინებით ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გადაეცა და მისი ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: „უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი “.


ქართველნო ერთად ღვთისაკენ!

copyright@Ortox.2022